,,ნაცმოძრაობის წევრს, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უტარდება.
წიკლაური საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში რეანომობილით გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე გამომძიებლებმა დეპუტატი საკუთარ სახლში დაკითხეს. როგორც დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან წიკლაურის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ცემის ფაქტზე გამოძიება სსკ 120-ე მუხლით მიმდინარეობს რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ადვოკატმა იმედი გამოთქვა, რომ საქმის კვალიფიკაცია შეიცვლება, რადგან ადგილი ჰქონდა გაცილებით მძიმე დანაშაულს.
"დანაშაული არის გაცილებით მძიმე და ვიმედოვნებთ, რომ ეს კვალიფიკაცია შეიცვლება. ასევე არის არაერთი თვითმხილველი. დაფიქსირებულია ერთ-ერთი ავტომობილის სანომრე ნიშანი, რომლითაც თავს დაესხნენ და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც ძალიან ბევრია, ვიმედოვნებთ, საქმეს პროკურატურა მალე გახსნის", - განაცხადა ადვოკატმა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრ ნუგზარ წიკლაურს წუხელ ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეპუტატის თქმით, სახლთან სამი მანქანით რამდენიმე ნიღბიანი დახვდა, რომელთაც მისი გატაცება სცადეს.
წიკლაურის თქმით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს. დეპუტატს დაზიანებები სახეზე აღენიშნება.