2 აპრილს, 17:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში პროექტის "ისტორიული საბუთების დედნების დიგიტალიზაცია და მონაცემთა ბაზა" პრეზენტაცია და ისტორიული საბუთების გამოფენა გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ისტორიული საბუთების შესახებ მომზადებული ვიდეორგოლის ჩვენება. პროექტი "ისტორიული საბუთების დედნების დიგიტალიზაცია და მონაცემთა ბაზა" ფარგლებში მოხდა 5000 ისტორიული საბუთის გადატანა ციფრულ ფორმატში და შეიქმნა მონაცემთა ბაზა.
მონაცემთა ბაზისთვის შეიქმნა საგანგებო პროგრამა. მისი მეშვეობით შესაძლებელია დოკუმენტებში მოხსენიებული ისტორიული პირების მოძიება, გეოგრაფიული სახელები, ვინ იყო საბუთის დამწერი, დამამტკიცებელი. ამასთან, მონაცემთა ბაზის სხვადასხვა ველებში განსაზღვრულია დოკუმენტის სახეობა, მისი დაწერის თარიღი, ზომა, მასალა, მელანი და ორთოგრაფიულ-პუნქტუაციური თავისებურებანი.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია ჩვენამდე მოღწეული უძველესი საისტორიო დოკუმენტის დედნები. საისტორიო საბუთები მოიცავს შუა საუკუნეების საქართველოს ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მეფის ბრძანებებიდან დაწყებული, პირადი წერილებითა თუ საყოფაცხოვრებო ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტებით დამთავრებული. ისტორიული საბუთების დედნები შესრულებულია ეტრატზე ან ძველი წარმოების ქაღალდზე.
პროექტი დაფინასებულია შოთა რუსთაველის ერონული სამეცნიერო ფონდის მიერ.