29,30 მარტს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლის "ორკესტრი" პრემიერა გაიმართება.
ჟან ანუის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა ნიკა ლუარსაბიშვილმა დადგა. მონაწილეობენ მსახიობები: გია აბესალაშვილი, ქეთი ასათიანი, ნინო ბურდული, მაია გელოვანი, ერეკლე გეწაძე, ნანუკა ლითანიშვილი, ნათია ფარჯანაძე , ნანა შონია, სოსო ხვედელიძე.
ჟან ანუის პიესა "ორკესტრი"დაწერილია 1962 წელს. პიესის სიუჟეტი ვითარდება კონცერტის (შოუს) მსვლელობის დროს. ქალთა "ორკესტრი", რომელსაც ორიგინალური პროგრამას წარმოადგენენ. ცოცხლად ასრულებენ მუსიკას და მუსიკასთან ერთად ყვებიან ისტორიებს თავიანთი ცხოვრებიდან. ისტორიებს თავიანთ მარტოობაზე და შეცდომებზე. ორკესტრის ერთ-ერთ წევრს სიუზანას, რომელსაც ახალი ნომერი აქვს ამ კონცერტში უარს აცხადებს მონაწილეობაზე, თუმცა ორკესტრის ხელმძღვანელი ითხოვს მისგან კონცერტის გაგრძელებას, რადგან კონტრაქტზე ხელი ჰქონდა მოწერილი. იწყება ბრძოლა ორკესტრის ხელმძღვანელსა და სიუზანას შორის. სიუჟეტის განვითარების დროს სიუზანა ხვდება, რომ ეს ის ორკესტრი არ არის სადაც ის საკუთარი ცხოვრების აზრს იპოვის და არც თვითონ არის მუსიკოსი. ხვდება რომ ეს ორკესტრიც და მისი მუსიკოსობაც გამოგონილი ტყუილია, ამიტომ მიდის ორკესტრიდან და იწყებს უცხო, მაგრამ თავისუფალ ცხოვრებას.
სპექტაკლის მიზანია მაყურებელში გააღვიძოს თავისუფლების განცდა, რადგან ჩვენ არ ვირჩევთ რომელ ქვეყანაში დავიბადოთ, ან რომელ ქალაქში, ან რომელ ოჯახში ასევე არ ვირჩევთ რომელ ორკესტრში შევქმნათ საკუთარი შემოქმედება, ამიტომ რა დაგვრჩენია ან ბედს შევეგუოთ, დინებას მივყვეთ საკუთარ ცხოვრებას თავს მოვახვიოთ ილუზიები და ტყუილები ან ვეცადოთ ვიბრძოლოთ და შევცვალოთ ეს ორკესტრი უკეთესობისკენ, ვიპოვოთ იქ ცხოვრების არსი. არჩევანი გავაკეთოთ თავისუფლებისკენ.
სპექტაკლის მხარდამჭერია: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.