დღეს, 26 მარტს 19:00 საათზე, „მწერალთა სახლში" (ი. მაჩაბლის #13) გაიმართება პოეტ გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის, „პოეზია 2008-2013" პრეზენტაცია.
გიორგი კეკელიძე - პოეტი, ესეისტი, ტელეწამყვანი. 2009 წლის პრე მია "საბას" ლაურეატი კრებულისათვის „ოდები", პრემია ,,ოქროს ფრთის' ლაურეატი, მუშვიგის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი, ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი. ამავე საიტის მთავარი რედაქტორი (2006-2012). საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი (2012 - ).
„პოეზია 2008-2013" გიორგი კეკელიძის მეოთხე დამოუკიდებელი კრებულია. წიგნი ავტორის მიერ უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე შექმნილი ნაწარმოებების ერთგვარი შეჯამებაა.
კრებულის წინასიტყვაობის ავტორ ზურაბ კიკნაძის თქმით, „ამ ახალ კრებულში, რომელიც ხუთწლეულის ნამუშაკევს მოიცავს, გიორგი კეკელიძე თავისი პოეტური მრწამსის, სხვაგვარად, მოწოდების, გზნების თუ ძახილის ერთგული რჩება. რამდენიმე წლის წინ ამ სიტყვების ავტორს ჰქონდა შემთხვევა სიტყვიერად გამოეთქვა მისი წინანდელი კრებულის - „ოდებისგან" მიღებული შთაბეჭდილებები. მეჩვენებოდა, თითქოს პოეტი ერთზე წერდა, მკითხველი კი სხვას კითხულობდა. ასეთი იყო საერთო შთაბეჭდილება, რომელიც ახალი კრებულის თუნდაც ზერელე გადაკითხვამ განაახლა. ერთის წერა და სხვის კითხვა პოეზიის ბედისწერაა. სურდეს, არ სურდეს, ამას ვერ ასცდება პოეტი, თუ ის ნამდვილ პოეზიას ქმნის და არა უბრალოდ ლექსებს. ამჯერადაც ასეა, მაგრამ ამჯერად ეს სიტყვა - სიტყვა თითქოს - უკვე აღარ გამოხატავს რეალურ ვითარებას. მიღებული შთაბეჭდილებაც, როგორც რეალობის ანაბეჭდი, უკვე ონტოლოგიაზე მიუთითებს, სცილდება რა ინტენციის (განზრახვის) ან მოჩვენებითობის კატეგორიას. ავტორს შეუძლია თქვას: ასე მე კი არ მსურს, არამედ ეს ასეა... მე მივყვები, არათუ მივყვები, უფრო: მივყავარ, მინდობილი ვარ ენის დინებას. ენისადმი ნდობა „პოეზიაში 2008-2013" უსაზღვროა".