გარე გადახდისა და მონაცემთა აღრიცხვის ერთიან ტერმინალთან ინტეგრირებული სისტემური საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვადა გახანგრძლივდება. შესაბამის ბრძანებას ფინასთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ხელი უკვე მოაწერა.
როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, აღნიშნული განაპირობა, იმ გარემოებამ, რომ ის პირები, რომლებიც ამჟამად იყენებენ ხსენებულ საკონტროლო-სალარო აპარატებს, 2014 წლის 1 აპრილამდე ვერ უზრუნველყოფენ მათ ჩანაცვლებას GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო სალარო აპარატებით.
„კომპანიებმა (ძირითადად საუბარია მსხვილ კომპანიებზე), რომლებსაც ძველი მოდელის სისტემური სსა-ები ინტეგრირებული აქვთ გარე გადახდის და მონაცემთა აღრიცხვის ერთიან ტერმინალთან, ვერ შეძლეს ძველი სისტემური სსა-ების ახალი GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო სალარო აპარატებით ჩანაცვლება, რადგან მათი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა არსებული გარე გადახდის და მონაცემთა აღრიცხვის ერთიან ტერმინალთან ახალი აპარატის ინტეგრირება. მათივე განცხადებით, აღნიშნულის მისაღწევად განხორციელებულია ძირითადი სამუშაოები და 2014 წლის 1 აგვისტომდე პერიოდი დამატებით არის საჭირო და ამასთან, საკმარისი ინტეგრირების პროცესის დასრულებისათვის", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ასევე, რომ 2014 წლის 1 აგვისტომდე (ნაცვლად 2014 წლის 1 აპრილისა), საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულების მქონე პირების მიერ მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება განახორციელდეს GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური, ან გარე გადახდისა და მონაცემთა აღრიცხვის ერთიან ტერმინალთან ინტეგრირებული სისტემური საკონტროლო-სალარო აპარატებით.
როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ. მინისტრის ბრძანებულებით, ასევე, დაკონკრეტდა, რომ 2014 წლის 1 აგვისტოდან (ნაცვლად 2014 წლის 1 აპრილისა) საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულების მქონე პირები მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას განახორციელებენ, მხოლოდ GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატებით.
„ასევე, 2014 წლის 1 აგვისტომდე გრძელდება საკონტროლო-სალარო აპარატების (გარდა GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატებისა) რეგისტრაციიდან მოხსნის ვადა და შესაბამისად დაზუსტდა, რომ რეგისტრაციიდან მოხსნას დაქვემდებარებული საკონტროლო- სალარო აპარატები 2014 წლის 1 აგვისტოდან (ნაცვლად 2014 წლის 1 აპრილისა) ჩაითვლება დაკარგულად და გავრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქცია. აღნიშნული ვადის გახანგრძლივების აუცილებლობას განაპირობებს რეგისტრაციიდან მოხსნას დაქვემდებარებული საკონტროლო-სალარო აპარატების რაოდენობა. ამ ეტაპზე, შესაბამისი ელექტრონული ბაზის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნას დაქვემდებარებულია 17 437 ცალი საკონტროლო-სალარო აპარატი, რომელთაგან 60 ერთეულს წარმოადგენს გარე გადახდისა და მონაცემთა აღრიცხვის ერთიან ტერმინალთან ინტეგრირებული სისტემური საკონტროლო- სალარო აპარატი"- აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.