ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი მთავარი პროკურატურის განცახდებას ეხმიანება და მათ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. ,,ჯი-ეიჩ-ენი" ადვოკატის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "24 მარტს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლითაც ბრალს მდებენ პროკურატურის დისკრედიტაციის მცდელობაში. აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავ, რომ არასოდეს მიმოქმედია პროფესიული ეთიკის საწინააღმდეგოდ, არ მიბრძოლია დაუშვებელი მეთოდებით და არასოდეს დამისახავს მიზნად მოწინააღმდეგე მხარის დისკრედიტაცია.
ამასთანავე, მუდამ ვიყავი პრინციპული და ყოველთვის ვახდენდი ადეკვატურ რეაგირებას პოლიციისა თუ პროკურატურის მუშაკთა მიერ განხორციელებულ უკანონობებზე, აღარაფერს ვამბობ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე, რასაც ჩემს პრაქტიკაში არცთუ ისე იშვიათად აქვს ადგილი.
საქართველოს მთავარი პროკურატურის პრეტენზიების უსაფუძვლობის დასადასტურებლად, საჯაროდ ვხდი შალვა თათუხაშვილის ოჯახის წევრთა განცხადების შინაარსს, რომელითაც ისინი მომმართავენ თხოვნით - აღმოვუჩინო მათ სამართლებრივი დახმარება. განცხადებაში დეტალურად არის აღწერილი პოლიციისა და პროკურატურის ცალკეული თანამდებობის პირების მიერ შალვა თათუხაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შესახებ.
გარდა აღნიშნულისა, მსურს საზოგადოებას ვამცნო, რომ რამდენიმე დღის წინ შალვა თათუხაშვილის შევხვდი მისივე თხოვნით კონსპირაციულ ვითარებაში, რა დროსაც მან დეტალურად მომითხრო მასზე განხორციელებული ენითაუწერელი ზეწოლის შესახებ. მითხრა ისიც, რომ როდესაც მეორედ გაიტაცეს, მიიყვანეს ქ. თბილისის პროკურატურის შენობაში და ვიდეოკამერის წინ უდიდესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აიძულეს დაედასტურებინა ფაქტი, თითქოს მან ნებაყოფილობით მისცა გამოძიებას დავით ახალაიას მამხილებელი ჩვენება და მის მიმართ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ჩემთან საუბრისას, შალვა თათუხაშვილი გახლდათ უმძიმეს დეპრესიულ მდგომარეობაში, რამაც ფრიად შემაშფოთა.
მე, როგორც შალვა თათუხაშვილის უფლებამონაცვლის ინტერესების დამცველი, პირადად ვესწრებოდი შალვა თათუხაშვილის გვამზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას. იძულებული ვარ მოვახდინო ციტირება გვამის გარეგნული დათვალიერების ოქმიდან, სადაც დეტალურადაა აღწერილი შალვა თათუხაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები, კერძოდ: ა) მარცხენა წინა მხარის შუა მესამედის უკანა ზედაპირზე აღენიშნება ფუფხით დაფარული უსწორო ფორმის ნაჭდევი, ზომით 2,5X1 სმ;ბ) ასეთივე ნაჭდევები აღენიშნება ორივე მუხლის სახსრის წინა ზედაპირებზე, ზომით 2,5X1,2 სმ და 3X0,8 სმ;
გ) წელის მიდამოებში, ხერხემლის საპროექციო არეში აღენიშნება 1,5X1,2 სმ ზომის ფუფხით დაფარული დაზიანება;დ) წელის მიდამოებში, ხერხემლის საპროექციო არეში აღენიშნება უსწორო ფორმის მუქი-მოიისფრო სისხლჩაქცევა ზომით 2,8X1,4 სმ.ე) მარჯვენა მტევნის პირველ თითზე აღენიშნება მორუხო-ღია მოყავისფრო ოდნავ წამოწეული ფუფხი და დაფარული ნაჭდევი ზომით 0,50,3 სმ;ვ) მარცხენა კოჭ-წვივ სახსრის გარეთა ზედაპირზე, არნიშნება მომრგვალო ფორმის ფუფხით დაფარული ნაჭდევი ზომით 0,3X0,3 სმ.ვფიქრობ, სურათი ნათელია, ხოლო პროკურატურის პრეტენზიები ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის მიმართ - უსაფუძვლო", - ნათქვამია ადვოკატ ზაქარეიშვილის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ მოწმე შალვა თათუხაშვილთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, ,,უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მთავარი პროკურატურა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მოწმე შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. გვინდა განვმარტოთ, რომ შ.თათუხაშვილის საკუთარ სახლში გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, რომლის ფარგლებშიც უსწრაფესად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.
ამავდროულად, გვინდა მოკლე განმარტება გავაკეთოთ დ.ახალაიას ადვოკატების მხრიდან შ.თათუხაშვილის ირგვლივ მედიის საშუალებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე მის ვითომდა გატაცებასთან დაკავშირებით, რომლითაც ისინი მიზნად ისახავენ პროკურატურის დისკრედიტაციას. 2014 წლის 24 თებერვალს, ქ.თბილისის პროკურატურაში ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, მოწმის სახით დაიკითხა შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტანემტის აქტიურ ღონისძიებათა სამმართველოს (სპეცრაზმი) უფროსის ყოფილი მოადგილე შალვა თათუხაშვილი მის მიერვე წარმოდგენილი ორი ადვოკატის თანდასწრებით. დაკითხვის შემდგომ, იმ მოტივით, რომ მან გამოძიებას მისცა დ.ახალაიას, ლ.ქარდავას და სხვათა მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი ჩვენებები და მის სიცოცხლეს შესაძლოა შექმნოდა საფრთხე, შ.თათუხაშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ ჩართულიყო ე.წ. მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში. მისი სურვილის გათვალისწინებით, 2014 წლის 24 თებერვალს, გამოტანილ იქნა დადგენილება პროცესის მონაწილის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ და შალვა თათუხაშვილს დაენიშნა პირადი დაცვა. მალევე, მისივე თხოვნით გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული დაცვის სპეციალური ღონისძიება და მას მოეხსნა დანიშნული დაცვა.
გარდა ამისა, შალვა თათუხაშვილი დამატებით დაკითხვის მიზნით დაბარებულ იქნა ქ.თბილისის პროკურატურაში, რის თაობაზეც შესაბამისი უწყება ჩაბარდა მის ძმას მიხეილ თათუხაშვილს და 2014 წლის 18 მარტს სათანადო პროცესუალური ნორმების ზედმიწევნით დაცვით მოხდა მისი მოწმედ განმეორებით დაკითხვა. შალვა თათუხაშვილი თითოეული დაკითხვისას ნებაყოფლობით აცხადებდა, რომ მას სურდა გამოძიებასთან თანამშრომლობა და რომ მისი გატაცება არ მომხდარა, მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი იმყოფებოდა საკუთარ სახლში.
მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში შ.თათუხაშვილის თითქოსდა გაუჩინარებასთან დაკავშირებით ჩატარდა შესაბამისი მოკვლევა, სადაც სხვა მონაცემებთან ერთად თავად შალვა თათუხაშვილისა და სხვათა გამოკითხვებიდან დადგინდა, რომ შ.თათუხაშვილის გატაცებას ადგილი არ ჰქონია, ხოლო მის გატაცებასთან დაკავშირებული განცხადებები იყო საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
ამდენად, დ.ახალაიას ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებები ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით გაავრცელოს დეზინფორმაცია, თითქოსდა შალვა თათუხაშვილი სამართალდამცავების მიერ იყო გატაცებული. აღნიშნული აბსურდული ბრალდებები არის ტყუილი და პროკურატურის დისკრედიტაციის მცდელობა", _ნათქვამია განცხადებაში.