მთავარი პროკურატურა შალვა თათუხაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მთავარი პროკურატურა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მოწმე შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. გვინდა განვმარტოთ, რომ შ.თათუხაშვილის საკუთარ სახლში გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, რომლის ფარგლებშიც უსწრაფესად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.
ამავდროულად, გვინდა მოკლე განმარტება გავაკეთოთ დ.ახალაიას ადვოკატების მხრიდან შ.თათუხაშვილის ირგვლივ მედიის საშუალებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე მის ვითომდა გატაცებასთან დაკავშირებით, რომლითაც ისინი მიზნად ისახავენ პროკურატურის დისკრედიტაციას. 2014 წლის 24 თებერვალს, ქ.თბილისის პროკურატურაში ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, მოწმის სახით დაიკითხა შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტანემტის აქტიურ ღონისძიებათა სამმართველოს (სპეცრაზმი) უფროსის ყოფილი მოადგილე შალვა თათუხაშვილი მის მიერვე წარმოდგენილი ორი ადვოკატის თანდასწრებით. დაკითხვის შემდგომ, იმ მოტივით, რომ მან გამოძიებას მისცა დ.ახალაიას, ლ.ქარდავას და სხვათა მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი ჩვენებები და მის სიცოცხლეს შესაძლოა შექმნოდა საფრთხე, შ.თათუხაშვილმა გამოთქვა სურვილი რომ ჩართულიყო ე.წ. მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში. მისი სურვილის გათვალისწინებით, 2014 წლის 24 თებერვალს, გამოტანილ იქნა დადგენილება პროცესის მონაწილის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ და შალვა თათუხაშვილს დაენიშნა პირადი დაცვა. მალევე, მისივე თხოვნით გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული დაცვის სპეციალური ღონისძიება და მას მოეხსნა დანიშნული დაცვა.
გარდა ამისა, შალვა თათუხაშვილი დამატებით დაკითხვის მიზნით დაბარებულ იქნა ქ.თბილისის პროკურატურაში, რის თაობაზეც შესაბამისი უწყება ჩაბარდა მის ძმას მიხეილ თათუხაშვილს და 2014 წლის 18 მარტს სათანადო პროცესუალური ნორმების ზედმიწევნით დაცვით მოხდა მისი მოწმედ განმეორებით დაკითხვა. შალვა თათუხაშვილი თითოეული დაკითხვისას ნებაყოფლობით აცხადებდა, რომ მას სურდა გამოძიებასთან თანამშრომლობა და რომ მისი გატაცება არ მომხდარა, მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი იმყოფებოდა საკუთარ სახლში.
მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში შ.თათუხაშვილის თითქოსდა გაუჩინარებასთან დაკავშირებით ჩატარდა შესაბამისი მოკვლევა, სადაც სხვა მონაცემებთან ერთად თავად შალვა თათუხაშვილისა და სხვათა გამოკითხვებიდან დადგინდა, რომ შ.თათუხაშვილის გატაცებას ადგილი არ ჰქონია, ხოლო მის გატაცებასთან დაკავშირებული განცხადებები იყო საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
ამდენად, დ.ახალაიას ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებები ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით გაავრცელოს დეზინფორმაცია თითქოსდა შალვა თათუხაშვილი სამართალდამცავების მიერ იყო გატაცებული. აღნიშნული აბსურდული ბრალდებები არის ტყუილი და პროკურატურის დისკრედიტაციის მცდელობა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გენერალ გოგი თათუხაშვილი შვილის გარდაცვალებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.
„მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომ ჩემი შვილი არის მძიმე ავადმყოფი, პროკურატურას ხანგრძლივად ჰყავდა გატაცებული და აგრძელებდა ზეწოლას, წამებას, რამაც ის სიკვდილამდე მიიყვანა. (24 მარტს გაუჩერდა გული) პასუხისმგებლობას მომხდარზე ვაკისრებ მთავრობას", - წერს გენერალი „ფეისბუქში".
25 თებერვალს გოგი თათუხაშვილმა მის ვაჟზე პროკურატურის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე, მის გატაცებაზე განცხადება გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას აფრთხილებდა, რომ მისი შვილი ავადმყოფია და მასზე ზეწოლას, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგები მოჰყოლოდა:
„მიმართვა რუსული კაპიტალით დანიშნულ პრეზიდენტს, მთავრობას, პროკურატურის თანამშრომლებს!
გუშინ, 24 თებერვალს, პროკურატურაში დაკითხვაზე, მოწმის სახით გამოიძახეს ჩემი შვილი, შალვა თათუხაშვილი. დაკითხვა მიმდინარეობდა ყველანაირი პროცედურული ნორმების დარღვევით. ჩემს მიერ გაგზავნილი ადვოკატი არ შეუშვეს.
ათსაათიანი დაკითხვის შემდეგ, ღამის 03:30 წთ-ზე, წამლებით გაჟღენთილი, გაბრუებული შალვა რამდენიმე წუთით გამოიყვანეს პროკურატურიდან, გაუშვეს თავიანთი ადვოკატები. შალვას ათქმევინეს იქ მყოფი გულშემატკივრებისათვის, რომ გაათავისუფლეს. რეალურად, იქვე ჩასვეს მანქანაში და სამი ჯიპით გაიტაცეს; ამჟამად გაურკვეველია მისი ადგილსამყოფელი. აწამებენ და წამლების ზემოქმედებით აწერინებენ სასურველ ჩვენებას.
მოვითხოვ, გახდეს ცნობილი მისი ადგილსამყოფელი, შეწყდეს წამება. ჩემი ადვოკატის თანდასწრებით გაუკეთდეს სისხლის ანალიზი და დადგინდეს, რისი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ასევე ჩაუტარდეს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. რადგანაც შალვა ფსიქიურადაა ავად. მან მკურნალობის ბოლო კურსი მეზობელ რესპუბლიკაში ჩაიტარა გასული წლის ოქტომბერ- ნოემბერში. (რისი დადგენა არ გაგიჭირდებათ სასაზღვრო- გამშვებ პუნქტზე და კლინიკაში).
ფსიქიური ავადმყოფობა შალვას თავის არეში მრავლობითი ტრავმებისაგან აქვს. 2001 წელს თელეთის ტრასაზე მანქანა დაეჯახა, მძღოლმა მომაკვდავი მიატოვა და 7 კილომეტრში ჭაბუკი მოკლა. ექიმებს შალვას სიცოცხლის გადასარჩენად ფეხების ღია მოტეხილობების ოპერაციის შეწყვეტამ მოუწიათ, რადგანაც სასწრაფოდ თავზე და გულზე დასჭირდა ოპერაცია. საქმე აღიძრა პროკურატურაში, რაც დღემდე გაუხსნელია;
2009 წელს, როდესაც შალვას ჯიპმა გადაუარა, მიიღო თავის მძიმე დაზიანება და დაემტვრა ნეკნები. ამასთან დაკავშირებითაც აღიძრა საქმე, რაც დღემდე გაუხსნელია.
გადავიდეთ მთავარზე. თქვენ კარგად იცით, რომ შალვას ვერ გამოიყენებთ მოწმედ და ვერც ბრალს მიუყენებთ, რადგანაც ის ფსიქიურად ავადმყოფია. ასევე კარგად იცით, რომ ბოლო ექვსი წლის მანძილზე, სანამ მკურნალობდა, არ დადიოდა სამსახურში და ხელფასს ღებულობდა როგორც პენსიას.
ძირითადი თქვენი მამოძრავებელი არის რუსეთთან მოვალეობის მოხდა, რისთვისაც თქვენ მზად ხართ 2007 წლის კოდორის ოპერაციის ნებისმიერ მონაწილეს შეუთითხნოთ ბრალდებები. რუსეთთან ხელშეკრულებაში თქვენ აიღეთ ვალდებულება, რომ ,,გააპრავოთ,, მათი ქმედება საქართველოში და გაამტყუნოთ ქართული მხარე. რაც თქვენ ნაწილობრივ უკვე გააკეთეთ. აღიარეთ, რომ რუსეთის ჯარს 2008 წელს არ ჩაუდენია სამხედრო დანაშაული საქართველოში და დამნაშავეებს ეძებთ ქართველ მებრძოლთა შორის.
მეორე პუნქტი თქვენი ხელშეკრულებისა 2007 წლის სექტემბრის ოპერაციის მონაწილეების დასჯაა. სადაც ორი რუსი პოლკოვნიკი დაიღუპა და შვიდი ტყვედ წამოიყვანეს. იმ ოპერაციის სამი მონაწილე დაპატიმრებული გყავთ 2013-დან, ექვსმა გაასწრო საქართველოდან, დანარჩენებს ,,ამუშავებთ,,. . . ", - წერდა გენერალი თათუხაშვილი 2014 წლის 25 თებერვალს.