გენერალ გოგი თათუხაშვილის ვაჟი, შალვა გარდაიცვალა. როგორც გენერალი წერს, მას გული გაუჩერდა. შვილის გარდაცვალებაში გოგი თათუხაშვილი ხელისუფლებას ადანაშაულებს.
„მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომ ჩემი შვილი არის მძიმე ავადმყოფი, პროკურატურას ხანგრძლივად ჰყავდა გატაცებული და აგრძელებდა ზეწოლას, წამებას, რამაც ის სიკვდილამდე მიიყვანა. (24 მარტს გაუჩერდა გული) პასუხისმგებლობას მომხდარზე ვაკისრებ მთავრობას", - წერს გენერალი „ფეისბუქში".
შეგახსენებთ, რომ გოგი თათუხაშვილმა მის ვაჟზე პროკურატურის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე, მის გატაცებაზე განცხადება არაერთხელ გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას აფრთხილებდა, რომ მისი შვილი ავადმყოფია და მასზე ზეწოლას, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგები მოჰყოლოდა:
„მიმართვა რუსული კაპიტალით დანიშნულ პრეზიდენტს, მთავრობას, პროკურატურის თანამშრომლებს!
გუშინ, 24 თებერვალს, პროკურატურაში დაკითხვაზე, მოწმის სახით გამოიძახეს ჩემი შვილი, შალვა თათუხაშვილი. დაკითხვა მიმდინარეობდა ყველანაირი პროცედურული ნორმების დარღვევით. ჩემს მიერ გაგზავნილი ადვოკატი არ შეუშვეს.
ათსაათიანი დაკითხვის შემდეგ, ღამის 03:30 წთ-ზე, წამლებით გაჟღენთილი, გაბრუებული შალვა რამდენიმე წუთით გამოიყვანეს პროკურატურიდან, გაუშვეს თავიანთი ადვოკატები. შალვას ათქმევინეს იქ მყოფი გულშემატკივრებისათვის, რომ გაათავისუფლეს. რეალურად, იქვე ჩასვეს მანქანაში და სამი ჯიპით გაიტაცეს; ამჟამად გაურკვეველია მისი ადგილსამყოფელი. აწამებენ და წამლების ზემოქმედებით აწერინებენ სასურველ ჩვენებას.
მოვითხოვ, გახდეს ცნობილი მისი ადგილსამყოფელი, შეწყდეს წამება. ჩემი ადვოკატის თანდასწრებით გაუკეთდეს სისხლის ანალიზი და დადგინდეს, რისი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ასევე ჩაუტარდეს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. რადგანაც შალვა ფსიქიურადაა ავად. მან მკურნალობის ბოლო კურსი მეზობელ რესპუბლიკაში ჩაიტარა გასული წლის ოქტომბერ- ნოემბერში. (რისი დადგენა არ გაგიჭირდებათ სასაზღვრო- გამშვებ პუნქტზე და კლინიკაში).
ფსიქიური ავადმყოფობა შალვას თავის არეში მრავლობითი ტრავმებისაგან აქვს. 2001 წელს თელეთის ტრასაზე მანქანა დაეჯახა, მძღოლმა მომაკვდავი მიატოვა და 7 კილომეტრში ჭაბუკი მოკლა. ექიმებს შალვას სიცოცხლის გადასარჩენად ფეხების ღია მოტეხილობების ოპერაციის შეწყვეტამ მოუწიათ, რადგანაც სასწრაფოდ თავზე და გულზე დასჭირდა ოპერაცია. საქმე აღიძრა პროკურატურაში, რაც დღემდე გაუხსნელია;
2009 წელს, როდესაც შალვას ჯიპმა გადაუარა, მიიღო თავის მძიმე დაზიანება და დაემტვრა ნეკნები. ამასთან დაკავშირებითაც აღიძრა საქმე, რაც დღემდე გაუხსნელია.
გადავიდეთ მთავარზე. თქვენ კარგად იცით, რომ შალვას ვერ გამოიყენებთ მოწმედ და ვერც ბრალს მიუყენებთ, რადგანაც ის ფსიქიურად ავადმყოფია. ასევე კარგად იცით, რომ ბოლო ექვსი წლის მანძილზე, სანამ მკურნალობდა, არ დადიოდა სამსახურში და ხელფასს ღებულობდა როგორც პენსიას.
ძირითადი თქვენი მამოძრავებელი არის რუსეთთან მოვალეობის მოხდა, რისთვისაც თქვენ მზად ხართ 2007 წლის კოდორის ოპერაციის ნებისმიერ მონაწილეს შეუთითხნოთ ბრალდებები. რუსეთთან ხელშეკრულებაში თქვენ აიღეთ ვალდებულება, რომ ,,გააპრავოთ,, მათი ქმედება საქართველოში და გაამტყუნოთ ქართული მხარე. რაც თქვენ ნაწილობრივ უკვე გააკეთეთ. აღიარეთ, რომ რუსეთის ჯარს 2008 წელს არ ჩაუდენია სამხედრო დანაშაული საქართველოში და დამნაშავეებს ეძებთ ქართველ მებრძოლთა შორის.
მეორე პუნქტი თქვენი ხელშეკრულებისა 2007 წლის სექტემბრის ოპერაციის მონაწილეების დასჯაა. სადაც ორი რუსი პოლკოვნიკი დაიღუპა და შვიდი ტყვედ წამოიყვანეს. იმ ოპერაციის სამი მონაწილე დაპატიმრებული გყავთ 2013-დან, ექვსმა გაასწრო საქართველოდან, დანარჩენებს ,,ამუშავებთ,,. . . ", - წერდა გენერალი თათუხაშვილი 2014 წლის 25 თებერვალს.
მასალის გამოყენების პირობები