ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ამავე ცენტრის საინფორმაციო მხარდაჭერით პროექტის ,,მშვიდობის ქართულ-აფხაზური სახლი" პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას მთავრობის, სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო სფეროს და მედიის წარმომადგენლები და კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) თანამშრომლები ესწრებოდნენ.
პროექტი ერთობლივად შეიმუშავა კავშირმა „ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახები" და კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა (ICCNN).
პროექტის მიხედვით მდინარე ენგურის ხიდზე მდებარე ადმინისტრაციული საზღვრის გამშვებ პუნქტთან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფალი სივრცე - „მშვიდობის ქართულ-აფხაზური სახლი" შეიქმნება .
პროექტის ავტორმა რეზო ბენდელიანმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ის საჭირო სერვისები, რომლითაც ისარგებლებენ ქართველი, აფხაზი და სხვა ეთნიკური წარმოშობის თუ ეროვნების წარმომადგენლები.
პროექტის მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს კონტაქტების განახლებას, მხარეთა შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და თანამშრომლობას.