ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუას და ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილ წევრს მიხეილ ძაძამიას ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ. როგორც ადვოკატები აცხადებენ, საქალაქო სასამართლომ გუშინ არაკანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ჩაჩუას და მიხეილ ძაძამიას წინასწარ პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილ გამგეს ლევან ჩაჩუას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე სამსახურებრივ გულგრილობას ედავება.ასევე სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით არის დაკავებული ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია.