2014 წელს რეალური მშპ-ის ზრდა 5.0%-ის ფარგლებში იქნება და აღნიშნული პროგნოზი ძლიერ ფისკალურ სტიმულს და ნაწილობრივ კერძო სექტორის გაჯანსაღებას ეფუძნება. თუმცა ხელისუფლებისა და სებ-ის მიერ შემუშავებული ალტერნატიული სცენარით ეკონომიკა შესაძლოა 6 %-ის ფარგლებშიც კი გაიზარდოს. როგორც სებ-ის ყოველკვარტალურ „ინფლაციის მიმოხილვაშია" აღნიშნული, ალტერნატიული სცენარი განიხილავს ინფლაციის პროგნოზზე მოქმედი რისკ ფაქტორების გავლენას. კერძოდ, სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მოსალოდნელზე მაღალი აქტივობის ფონზე ეკონომიკური ზრდა შესაძლოა მოსალოდნელზე მაღალი იყოს. ასევე სცენარი განიხილავს გაცვლითი კურსის ეფექტის მოლოდინებზე უფრო სწრაფად ასახვას იმპორტირებულ ფასებზე. აღნიშნული ფაქტორების ზეგავლენით ინფლაციის პროგნოზი განხილულია ალტერნატიულ საპროგნოზო სცენარში.
„პოზიტიური შოკით გამოწვეული ერთობლივი მოთხოვნის ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე. ალტერნატიული სცენარის თანახმად მშპ-ს ზრდა 2014 წელს 6%-ის ფარგლებში იქნება, მაღალი ერთობლივი მოთხოვნა ზეწოლას შექმნის ინფლაციის პროგნოზზე ზრდის მიმართულებით, რასაც ნაწილობრივ შეამსუბუქებს პროგნოზთან შესაბამისად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება.
აღნიშნული საპროგნოზო სცენარის მიხედვით ინფლაციის მაჩვენებელი 2014
წლის მეორე ნახევრისთვის 7%-მდე იზრდება და ეროვნული ბანკის 5%-სამიზნე მაჩვენებელს 2015 წლის მეორე კვარტალში უახლოვდება"- ნათქვამია
სებ-ის ყოველკვარტალურ „ინფლაციის მიმოხილვაში".