17 მარტს, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში პატიმარი ნადიმ ცეცხლაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართვეოს სახალხო დამცველის აპარატის პრესსამსახური იუწყება.
სახალხო დამცველის პრესსამსახურის განცხადებით, ამა წლის 5 მარტს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გეგუთის #8 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებიდან მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს მსჯავრდებული ნადიმ ცეცხლაძე. 5 მარტიდან სახალხო დამცველის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტი რეგულარულად ადევნებდა თვალყურს ნადიმ ცეცხლაძის მკურნალობის მიმდინარეობას და მის მდგომარეობას. სახალხო დამცველის აპარატის სამედიცინო ექსპერტის თქმით, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ჩატარებული მკურნალობა ადეკვატური იყო, პაციენტს რეგულარულად ნახულობდა შესაბამისი სამედიცინო სპეციალობის კონსულტანტი. თუმცა პაციენტის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ სავარაუდოდ, მისი გადმოყვანა სამკურნალო დაწესებულებაში დაგვიანებით განხორციელდა. სავარაუდოდ გეგუთის #8 დაწესებულებაში ყოფნისას მას არ ჩატარებია დროული დიაგნოსტირება და სათანადო მკურნალობა. 12 მარტს ნადიმ ცეცხლაძე გადაიყვანეს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნადიმ ცეცხლაძე გუშინ, 17 მარტს გამთენიისას გარდაიცვალა.
11 მარტს, სახალხო დამცველმა გამოითხოვა დაწვრილებითი ინფორმაცია ნადიმ ცეცხლაძისთვის გეგუთის #8 დაწესებულებასა და მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ჩატარებული მკურნალობის შესახებ.
სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის ნადიმ ცეცხლაძის გარდაცვალების ყველა გარემოებას და მისთვის ჩატარებული მკურნალობის ადეკვატურობას.