გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინიციატივით დღე, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში შემეცნებითი ტური მოეწყო. დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციულ შენობაში თათა ვარდანაშვილის საგანმანათლებლო ცენტრის 42 სტუდენტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ პირადად უმასპინძლა და დაცული ტერიტორიების ტურისტული ინფრასტრუქტურა გააცნო.
„ეს არ არის იმიტაცია, ეს არის საქართველოს დაცული ტერიტორია და ყველა სტუდენტსა თუ მოსწავლეს მოვუწოდებ იმოგზაურონ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე და მიიღონ ძალიან დიდი სიამოვნება. ამაზე კარგ საჩუქარს, პრაქტიკულად უფასოდ, ვერ მივუძღვნით საკუთარ თავს, მეგობრებსა თუ შვილებს. ასე, რომ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული სეზონი გაიხსნა და ყველას ვურჩევ ამ სიამოვნების გაზიარებას" - განაცხადა გოგა ხაჩიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საგანმანათლებლო ცენტრის სტუდენტებთან ერთად, სამინისტროს ორგანიზებულ ღონისძიებას ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ბექა ჯაყელიც ესწრებოდა.
სტუდენტებმა, სამინისტროს სხვადასხვა უწყებების საქმიანობის გაცნობის შემდეგ, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში ვიზიტორთა ცენტრი და ტურისტული ბილიკები დაათვალიერეს, რის შემდეგაც საკუთარი ნამუშევრების ჩვენება გამართეს.
"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გარემოს დაცვის სამინისტროს ასეთი შინაარსიანი დასვენებისთვის. 28 მარტს პირველად გაიმართება ქართული მოდის კვირეული, ბავშვებს იმდენად მოსწონთ სამინისტროს ლოგო -„ხე", რომ გადავწყვიტეთ ის მოდის კვირეულისთვის სიმბოლიკად გამოვიყენოთ. დიდი მადლობა იმისათვის, რომ ასეთი საქართველო არსებობს და ჩვენ მისი ნახვის საშუალება აქ, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში მოგვეცა", - განაცხადა თათა ვარდანაშვილმა.