საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმებას ხელი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ და განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მოაწერეს, რომელიც 3 თვის განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის ერთიანი სასწავლო პროგრამის შემუშავებასა და წარდგენას ითვალისწინებს.
"საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის შეიქმნება ერთიანი სასწავლო გეგმა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მოყვანილი საქართველოში მოქმედ სკოლებთან",- განაცხადა შაშკინმა.
მისივე განცხადებით, სამინისტრო საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებისთვის თანხებს გამოყოფს, რათა სასწავლო წიგნები ჰქონდეთ და საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მათი ინტეგრირება ადვილად მოხდეს.