,ზურაბ ჟვანიას საქმის ნაწილი პროკურატურის ყველაზე დაცულ კაბინეტში_ მთავარი პროკურორის კაბინეტის სეიფში ინახებოდა", _ამის შესახებ, ჟურნალისტებთან ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ პროკურატურაში დაკითხვის დაწყებამდე განაცხადა.
მისვე თქმით, ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება მის მთავარ პროკურორამდე დანიშვნამდე დასრულდა.
"ჟვანიას საქმის გამოძიება ჩემს პროკურორად დანიშვნამდე დიდი ხნით ადრე დასრულდა. ჟვანიას საქმეში იყო გარკვეული დელიკატური მომენტები, რის გამოც მისი საქმის ნაწილი ინახებოდა არა მურთაზ ზოდელავას კაბინეტში, არამედ პროკურატურის ყველაზე დაცულ კაბინეტში_ მთავარი პროკურორის კაბინეტის სეიფში", - განაცხადა ზოდელავამ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების ამსახველი მასალა მურთაზ ზოდელავას ოთახში ინახებოდა.
,,საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ 2012 წლის არჩევნების შემდგომ ზ.ჟვანიას და რ.უსუპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ვიდეო და ფოტო მასალა აღმოჩენილი იქნა ყოფილი მთავარი პროკურორის მ.ზოდელავას სამუშაო ოთახში განთავსებულ სეიფში, საქმისგან განცალკავებით, რაც ასევე ბადებს ბევრ კითხვის ნიშანს. მიუხედავად მომხდარისა, მთავარი პროკურატურა ინტენსიურად განაგრძობს საქმის გამოძიებას და ძალისხმევას არ დაიშურებს, ზ.ჟვანიას და რ.უსუპოვის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად", - აცხადებენ პროკურატურაში.
ვიდეო პორტალ იუთუბზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის შესახებ გუშინ გავრცელდა სახელწოდებით "სააკაშვილმა მოკლა ზურაბ ჟვანია". ინტერნეტში ვიდეო ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული, რომელიც სავარაუდოდ ახალი დარეგისტრირებულია.
ამ დროისთვის უცნობია კადრების ავთენტურობა. თუმცა ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია ადასტურებს, რომ გავრცელებული კადრები აქამდეც ჰქონდა ნანახი.
რაულ უსუპოვის მამამ კი ამ კადრების არსებობის შესახებ არაფერი იცოდა.