„საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციცია", მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის წევრის იმუნიტეტის მარეგულირებელ ნორმებთან დაკავშირებით წარმოშობილ პრობლემურ ასპექტებს ეხმიანება. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებულ თემაზე რამდენიმე დღის განმავლობაში ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები ფიქსირდება, რომელთა ძირითადი ნაწილი პოლიტიკური კონიუნქტურითაა გაჯერებული. თუმცა, საკითხის მნიშვნელობის, როგორც სახელისუფლებო განშტოებებს შორის ურთიერთბალანსის შენარჩუნების, ასევე მომავალში სასამართლო პრაქტიკის განვითარების კუთხით, ორგანიზაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს, ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისი მიმართვის საფუძველზე იმსჯელოს და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე, 169-ე და კონსტიტუციის 52-ე მუხლების შესაბამისობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეამოწმოს.
ასოციაციის პოზიციით, ერთი მხრივ, სავსებით ლეგიტიმურია იმაზე აპელირება, რომ კონსტიტუციურ ნორმასა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს შორის გარკვეული შეუსაბამობა ფიქსირდება. კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები აჭარბებს პარლამენტის წევრის კონსტიტუციით დადგენილი იმუნიტეტის ფარგლებს და მას შინაარსობრივად აფართოებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარდა კონსტიტუციის 52-ე მუხლისა, საქართველოს პარლამენტის წევრის იმუნიტეტის საკითხს არეგულირებს „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლი. ხსენებული ნორმა ჰარმონიზირებულია კონსტიტუციასთან, თუმცა, ამავდროულად, არ მოიცავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით რეგლამენტირებულ ნიუანსებს, რომლებიც დაკავშირებულია პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისას უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობის აუცილებლობასთან. ზემოთქმულის საფუძველზე და კონსტიტუციის 52-ე მუხლის 2004 წლის 23 აპრილამდე მოქმედი რედაქციის ანალიზიდან გამომდინარე, შეიძლება ვიმსჯელოთ კანონმდებლის ნებაზე, მოეხდინა საქართველოს პარლამენტის წევრის იმუნიტეტის შესუსტება, რაც თავდაპირველად აისახა კიდეც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. თუმცა, ამ ფონზე გაუგებარია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2010 წლის 24 სექტემბერს შეტანილი ცვლილება რომელმაც კონსტიტუციისგან დამოუკიდებლად დაამკვიდრა იმუნიტეტის დაცვის უფრო მაღალი სტანდარტები. ამდენად, დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის დებულება იერარქიულად ქვემდგომი საკანონმდებლო აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობის (და არა მათი არაწინააღმდეგობრიობის) თაობაზე.
მეორე მხრივ, აგრეთვე დასაშვებია მსჯელობა იმ მიმართულებით, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე, 169-ე მუხლები წარმოადგენს არათუ იმუნიტეტის ფარგლების გაფართოებას, არამედ ქმნის კონკრეტულ მექანიზმს პარლამენტის წევრის იმუნიტეტის დაცვის მიზნით. აღნიშნულის თქმის საფუძველს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის ანალიზი იძლევა, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის წევრის დაპატიმრებისას (რომელიც თავისმხრივ, შეიძლება მოჰყვეს მის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას) აუცილებელია პარლამენტის თანხმობა. ანუ, კონსტიტუციის 52-ე მუხლის მიზნობრივი განმარტებიდან გამომდინარე, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის უზრუნველსაყოფად, კანონმდებლის პოზიციით, პარლამენტი აუცილებლად უნდა ჩაერიოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში. თუმცა, ბუნდოვანია, რომელ სტადიაზე უნდა მოახდინოს ეს - პირველ ეტაპზე, ანუ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისას (სისხლის სამართლის საქმის აღძვრისას), თუ ფინალურ ეტაპზე, როდესაც შესაძლებელია მას შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა. ზემოხსენებულ კონტექსტში, დასაშვებია ახსნა მოეძებნოს სისხლის სამართლის კოდექსის 167-ე და 169-ე მუხლების მოქმედი რედაქციით არსებობას, რომლებიც უზრუნველყოფს კონსტიტუციით დადგენილი იმუნიტეტის განხორციელებას.
„საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, სამართლებრივი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, კაზუსის სირთულის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 167-ე, 169-ე მუხლების ამოღების საკითხი ფორსირებულად კი არ განიხილონ, არამედ ასოციაციის ხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, მიზანშეწონილი იქნება, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, თავდაპირველად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ხსენებული მუხლების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე მიმართონ. ხოლო მომდევნო ეტაპზე, როდესაც მოხდება კონსტიტუციის 52-ე მუხლის განმარტება და შემოწმდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლების კონსტიტუციურობა, შესაძლებელი გახდება კონკრეტულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობა. ასევე ორგანიზაცია აუცილებლად მიიჩნევს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში კონკრეტული მექანიზმის გაწერას, რომელშიც კონკრეტულად აისახება პარლამენტის თანხმობა დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე.