საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის რეგიონის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა კონფერენცია გახსნა.
პრემიერი მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ კონფერენციის მასპინძლობა საქართველოსთვის უაღესად მნიშვნელოვანია. მან მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს, რომელთანაც თანაორგანიზატორობით იმართება ფორუმი.
პრემიერმა საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებაც გაამახვილა ყურადღება.
„თანამედროვე რეალობაში საქართველო უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, რაც მოიცავს სამართლიანი, ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე ეკონომიკური გარემოს უზრუნველყოფას. ჩემს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, ორიენტირებულია კანონმორჩილი ბიზნესის თავისუფლად განვითარების ხელშემწყობ, მდგრადი სისტემის შექმნაზე", - განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილი შეეხო ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებსაც.
„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები გულისხმობს ვაჭრობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ინსტიტუტების ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებთან და ადმინისტრირების მექანიზმებთან. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩემი ქვეყანა მიისწრაფვის განავითაროს, გააღრმავოს და განამტკიცოს ყველა სავაჭრო პარტნიორთან არსებული სავაჭრო ურთიერთობები, ასევე კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში მოაგვაროს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობები", - განაცხადა პრემიერმა.