საქართველოს პრეზიდენტი დღეს კამპანიაში "ეს შენ გეხება" ჩაბმული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მათ გიორგი მარგველაშვილს წამოწყებული მოძრაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და ძირითადი მიზნები და სოციოლოგიური კვლევის შედეგები გააცნეს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ის პრობლემური საკითხები და მანკიერი მხარეები, რომლებიც ჯერ კიდევ არის როგორც კანონმდებლობაში, ისე პრაქტიკაში, აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. მისი თქმით, ადამიანის უფლებების დაცვა ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია და მის უზრუნველყოფა ყველა მხარის ვალდებულებაა. „დეტალურად გავეცანი არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების პოზიციას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის გამოც მათ ეს მოძრაობა წამოიწყეს. ჩვენ რამდენიმე საკითხზე შევთანხმდით. უპირველესად, გასათვალისწინებელია ორი რამ - სახელმწიფოს ვალდებულება დაიცვას წესრიგი და ადამიანის თავისუფლებისა და ყოველი ინდივიდის უფლებათა გარანტია. ამ ორ საკითხს შორის ბალანსი არის ის სახელმწიფოებრივი ბალანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიხატოს კანონით. ეს იყო ღირებულებითი ნაწილი. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ ბალანსის მიღწევა მხოლოდ დიალოგის შედეგად არის შესაძლებელი და მოვუწოდებ ყველა მხარეს აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ დიალოგში. ბუნებრივია, ამ პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია შენარჩუნებული იყოს ის სულისკვეთება, რომელიც ბოლო საპარლამენტო არჩევნებმა მოიტანა. 2012 წლის 1 ოქტომბერს აღდგა ნდობა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის და მთავრობა აღარ აღიქმება ადამიანის უფლებათა დამრღვევად. მჯერა, რომ ყველა მონაწილე მხარე აქტიურად ჩაებმება დიალოგში და საბოლოოდ სწორედ ევროპული სტანდარტების შესაბამის კანონს მივიღებთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში ქვეყნის პირველი პირის ინიციატივით გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ლიბერალური აკადემია - თბილისი, ჟურნალისტური ეთიკის ქარია, ფონდი - ღია საზოგადოება საქართველო, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.
მასალის გამოყენების პირობები