დღეს, 18 მარტს, 18:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართულ სიძველეთა მოძიებისა და კვლევის ცენტრი და World Vision Georgia აწყობენ პრეზენტაციას წიგნისა "მაქსიმე აღმსარებელი და საქართველო~.
ეს ახალი გამოცემა მესამე ტომია სერიისა Iberica Caucasica, რომელიც 1998 წელს დაარსდა ლონდონში და მიზნად ისახავს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ არსებული წყაროები და სამეცნიერო შრომები.
წმ. მამის, მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრება მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს. სიცოცხლის უკანასკნელი დღეები მან საქართველოში გაატარა და 662 წელს აქვე გარდაიცვალა. ლეჩხუმის რაიონში, ცაგერში, წმ. მაქსიმეს სახელობის ეკლესიის საკურთხევლის ქვეშ, დღესაც დაცულია მისი საფლავი.
მაქსიმეს თხზულებათა დიდი უმრავლესობა X-XII საუკუნებშია ნათარგმნი ქართულად, სხვადასხვა სალიტერატურო სკოლაში. ეს თარგმანები საინტერესო და მნიშვნელოვანია როგორც ქართული კულტურის ისტორიისთვის, ასევე მაქსიმეს ცხოვრებისა და შემოქმედების შესწავლისთვის.
დასავლეთში მაქსიმეს შესახებ მდიდარი სამეცნიერო ლიტერატურა არსებობს. თუმცა, ენობრივი ბარიერის გამო, ქართული წყაროები ფაქტობრივად უცნობია საქართველოს ფარგლებს გარეთ. წინამდებარე წიგნი, რომელიც 2009 წლის ბოლოს გამოქვეყნდა ლონდონში, სწორედ ამ ხარვეზის შევსებას ისახავს მიზნად. წიგნი აერთიანებს ქართველ მეცნიერთა მრავალწლიანი მუშაობის შედეგებს. აქ წარმოდგენილი ნაშრომები მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ პირველად ქვეყნდება ინგლისურ ენაზე და ამგვარად ხელმისაწვდომი ხდება უცხოელი მეცნიერებისთვის. წიგნი საინტერესო და მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს როგორც ქრისტიანული სასულიერო მწერლობის მკვლევართათვის, ასევე ზოგადად ქართული კულტურითა და ისტორიით დაინტერესებული ადამიანებისთვის.