კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილი მფლობელი, ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე „თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს მოუწოდებს დააბრუნონ ძველ ხელისუფლებასთან ერთად ბიზნესმენებზე უკანონოდ წართმეული აქტივები, რითაც საზოგადოება დავრწმუნდება, რომ ბანკი ამ საქმეებში იძულებით და ზეწოლით მონაწილეობდა.
„მოვუწოდებ „თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, შეწყვიტონ ძველ ხელისუფლებასთან გარიგებით ჩადენილ ქმედებებზე თავის სამართლებლად, პრესკონფერენციების და დემაგოგიური განცხადებების გავრცელება. თუ ნამდვილად უნდათ მათი შელახული იმიჯის რეაბილიტაცია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობის ნაცვლად, დააბრუნონ ძველ ხელისუფლებასთან ერთად ბიზნესმენებზე უკანონოდ წართმეული აქტივები,რითაც დავრწმუნდებით ჩვენც და საზოგადოებაც, რომ „თიბისი ბანკი" ამ საქმეებში იძულებით და ზეწოლით მონაწილეობდა და არა ენთუზიაზმით"- განაცხადა დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ანზორ ქოქოლაძემ, რომელმაც პროკურატურას, 2012 წლის დეკემბერში შეტანილი საჩივარის გამოძიების დაჩქარება სთხოვა.
„გამოაშკარავდეს და ღიად დაფიქსირდეს ბიზნესის წართმევის უკანონო სქემა, რათა აღარასოდეს გაუჩნდეს ძველი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, მათთან გარიგებაში მყოფ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მსგავსი ცდუნების სურვილი, რათა აღიკვეთოს მათი დემაგოგიური განცხადებები და უკანონო ქმედებები"- აღნიშნა ბიზნესმენმა.
მანვე „ელიტ ელექტრონიქსის" კრიზისულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ ტენდენციით „ელიტ ელექტრონიქსი" მალე გაკოტრების წინაშე აღმოჩნდება.
„რის შემდეგაც მამუკა ხაზარაძე ან მისი წარმომადგენლები გამოვლენ და იტყვიან, ანზორ ქოქოლაძის ქმედებების გამო კომპანიის გადარჩენა ვერ მოხერხდაო. ასე რომ არ მოხდეს, კიდევ ერთხელ ვუწვდით მშვიდობის ხელს და წინასწარ საჯაროდ ვუცხადებთ მათ:
დააბრუნეთ „ელიტ ელექტრონიქსი", კომპანიის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კომპანიას შემოვაბრუნებთ აქტიური განვითარებისკენ, 2 წელიწადში კომპანია სრულად დაფარავს ყველა კრედიტორის წინაშე არსებულ ვალდებულებას, მათ შორის თიბისი ბანკისას. წინააღმდეგ შემთხვევაში ფინანსური ზარალის სრული ანაზღაურება მოუწევს თიბისი ბანკს და მამუკა ხაზარაძეს, ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მათ ამ საქმეში მონაწილე ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად"- განმარტა ბიზნესმენმა.
ქოქოლაძის განმარტებით, ზუსტად ოთხი წლის წინ, 2010 წლის 11 მარტს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში" მან გამართა საგანგებო ბრიფინგი, სადაც საზოგადოებას „თიბისი ბანკის" მაქინაციების შესახებ აუწყა.
„ვაცხადებდი: „თიბისი ბანკმა" უკანონოდ შემოაღწია „ელიტ ელექტრონიქსის" მმართველობაში, კომპანიაში, რომელიც 1996 წელს დავაფუძნე, დავიწყე ერთი ჯიხურით და 15 წლის მანძილზე, 2009 წლამდე, კომპანია ჩემს თანაგუნდელებთან ერთად გავხადეთ ტექნიკის ბაზარზე ლიდერი, ყველაზე დიდი და გამართული ქსელით - 59 მაღაზიით და 2000 თანამშრომლით. მაშინ ვაცხადებდი, რომ თიბისი ბანკმა უკანონოდ მოპოვებული მართვის უფლებით მოახდინა ჩემი მენეჯმენტის დათხოვნა და დირექტორად დანიშნა „თიბისი ბანკის" თანამშრომელი დავით კენჭაძე. მაშინ დარწმუნებით ვაცხადებდი, რომ „თიბისი ბანკს" ჩემი გადაყენება მხოლოდ იმიტომ სჭირდებოდა, რომ დაერღვია კრედიტი და მოეხდინა „ ელექტრონიქსის" წილის დასაკუთრება, რასაც მედიასთან „თიბისი ბანკი" სასტიკად უარყოფდა, თუმცა ბრიფინგიდან ხუთ დღეში ჩემი ვარაუდი გამართლდა. „ელიტ ელექტრონიქსის ახალმა დირექტორმა დავით კენჭაძემ დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა და ამ საფუძვლით „ელიტ ელექტრონიქსი" „თიბისი ბანკმა" დაისაკუთრა. ჩვენ მოვლენების კვალდაკვალ ვააშკარავებდით მათ დანაშაულებრივ ფაქტებს, გასაჩუმებლად კი ჩემი დაპატიმრება გახდა საჭირო.
დღევანდელი საგანგებო ბრიფინგი კი ამ ამბიდან ოთხი წლის შემდეგ, გამოიწვია მამუკა ხაზარაძის და „ელიტ ელექტრონიქსის" მიერ გავრცელებულმა განცხადებებმა, აღმაშფოთა მათ მიერ გაცხადებულმა კიდევ ერთმა მაქინაციამ, ახალი ხელისუფლების პერიოდში „ელიტ ელექტრონიქსზე" მოხდა ფინანსური ჯარიმის დარიცხვა - ანზორ ქოქლაძის მმართველობის პერიოდზე - 2007 წელზე და კომპანია საფრთხის ქვეშააო.
ეს ისტორია ჩემთის უკვე კარგად ნაცნობია. ცხადია რისთვისაც ემზადებიან. ასე დაიწყო „თიბისი" ბანკმა 2009 წელსაც განცხადებები, შემდეგ უკანონო მაქინაციებით, პროკურატურის, ფინანსური პოლიციის და სასამართლოს დახმარებით, „ელიტ ელექტრონიქსი" დაისაკუთრა, რომელიც მალევე დავით კეზერაშვილის კომპანია „ელიტ ეფლაიენსს" გადაუფორმა და დღესაც კეზერაშვილის გუნდის წევრები მართავენ კომპანიას.
მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, მათ უკვე იციან „ელიტ ელექტრონიქსის" გაკოტრება გარდაუვალია, მაშინ როცა ერთი მეორის მიყოლებით იკეტება მაღაზიები, ვერ ასრულებენ რეაბილიტაციის გეგმას, კრედიტორები უჩივიან და გამოსავალს ვეღარ ხედავენ. დარწმუნებული ვარ „ელიტ ელექტრონიქსში" შეგნებულად არ მიაწოდეს საგადასახადო სამსახურს დოკუმენტაცია, რადგან ეს დარიცხვა მათ სჭირდებათ მათი მხრიდან წინა წლებში ჩადენილი დანაშაულებისა და კომპანიაში არსებული ვითარების შესანიღბად და მარკეტინგული პიარის საშუალებით წარუმატებლობის დასაფარად. დღეს როდესაც ახალი ხელისუფლების მხრიდან შეწყდა ბიზნესზე ზეწოლა და ბიზნესმენებს მოგვეცა რეალური ბიზნესის კეთების შესაძლებლობა, ისინი ამ გზით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მათი უუნარობის ჩემს სახელთან დაკავშირებას"- განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ.
შეგახსენებ, რომ რამდენიმე დღის უკან „თიბისი ბანკმა" სიცრუისა და სიყალბის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო. როგორც "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ადგილი აქვს შეურაცხმყოფელ კამპანიას პირადად მისი და ბანკის მიმართ. მისივე თქმით, ამ ყველაფრის წინააღმდეგ ყველანაირ სამართლებრივ და ცივილურ ხერხს გამოიყენებს.
"ჩემთვის და ჩემი ბანკისთვის მიუღებელია ფორმა, როდესაც არა შინაარსობრივი და არა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობილი მსჯელობა მიდის, არამედ მიდის შეურაცხყოფა, ცილისწამება, უაპელაციო ბრალდება. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმ ტონისა და შეურაცხყოფისა, რომლითაც მე მომმართავენ. მე ამას ვერ მივიღებ. ეს სცილდება ჩემს ბიზნესს. ეს ეხება ჩემს ღირსებას. მინდა გითხართ, რომ ჩემი და ჩემი ორგანიზაციის ღირსება ყველაზე მაღალ დონეზე მყავს დაყენებული. მინდა ყველას მივმართო, ვისაც ასეთი ჩანაფიქრი აქვს, ამ ტონით ნუ დაგველაპარაკება ", - განაცხადა ხაზარაძემ და აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის წინააღმდეგ ყველანაირ სამართლებრივ და ცივილურ ხერხს გამოიყენებს.
როგორც ხაზარაძემ განმარტა, "ელიტ ელექტრონიქსთან" დაკავშირებით ანზორ ქოქოლაძის ბრალდებებს, საქმე აქაც სერიოზულ გაყალბებებს და ფინანსურ მაქინაციებს უკავშირდება.
"2005 წელს "თიბისი ბანკმა" დაიწყო "ელიტ ელექტრონიქსის" დაფინანსება. 2009 წელს ოთხმა წამყვანმა ქართულმა ბანკმა გააგრძელა მისი დაფინანსება. ვერც ერთ განცხადებაში და სტატიაში ვერ ნახავთ სხვა ბანკების ხსენებას, სულ არის "თიბისი ბანკის" ლანძღვა ქოქოლაძის მიერ", - აღნიშნა ხაზარაძემ.