18 მარტს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში მიხო მოსულიშვილის ახალი რომანის „დიდი ძუ დათვი" პრეზენტაცია გაიმართება.
მიხო მოსულიშვილი ახალ რომანში მკითხველს მოუთხრობს დიდ ძუ დათვზე, რომელსაც კავკასიონზე მდებარე სოფლის მცხოვრებნი ებრძვიან. დათვი ანადგურებს სიმინდის ყანებს, ამტვრევს თაფლის სკებს, იტაცებს ცხვარ-ძროხას, ხოცავს მონადირეებს და მათ ძაღლებს, გვერდს უვლის ხაფანგებს. სოფლის ადმინისტრატორი, ბიბლიური სახელით აქაბი, იქ მცხოვრებთა დახმარებით, ცდილობს დიდი ძუ დათვის მოკვლას. და ყველა სოფლელი ხვდება, რომ ეს დათვი აქაბის წარსულიდან მოსული აჩრდილია.
მიხო მოსულიშვილის პირველი მოთხრობა „ტყის კაცი" 1984 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ „ცისკარში". იგი ავტორია რომანების, მოთხრობების, პიესებისა და თარგმანების რამდენიმე წიგნისა. მისი პიესების მიხედვით დაიდგა სპექტაკლები საქართველოს სხვადასხვა თეატრებში, ასევე არის რამდენიმე რადიო და სატელევიზიო სპექტაკლის პიესების ავტორი.
საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ "დები ნაყეურები".