2014 წლის 7 მარტს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა საზეიმო საღამო, რომელზეც პროკრედიტ ბანკმა მიიღო ჯილდო გენდერული ბალანსისათვის აღმასრულებელ დონეზე. აღნიშნული კონკურსის ორგანიზატორი იყო გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში და პროექტი შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. დაჯილდოვების მიზანს წარმოადგენდა იმ კერძო და საჯარო ორგანიზაციების გამოვლენა, რომლებიც ნერგავენ გენდერულ თანასწორობას და თანაბარ სამუშაო პირობებს უქმნიან ორივე სქესის წარმომადგენლებს ყველა დონეზე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ ორგანიზაციებს, რომლებსაც 50-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ, მინიმუმ 2 წელიწადია საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებენ და წლიური ბრუნვა აღემატება 100 000 ლარს.
პროკრედიტ ბანკის მხრიდან ჯილდო გადაეცა კომპანიის დირექტორს, ქეთევან ხუსკივაძეს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ბანკის გაფართოებული მენეჯმენტი 7 წევრისგან შედგება, რომელთა შორის 4 ქალბატონია. "ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ასეთი ჯილდოს მიღება. პროკრედიტ ბანკი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ყველა ქვეყანაში ერთიანი პრინციპებითა და ღირებულებებით ხელმძღვანელობს და ამ პრინციპებს აქტიურად ვიყენებთ ყოველდღიურ საქმიანობაში. კარიერული განვითარების ყველა საფეხურზე და ახალი კადრების აყვანისას ჩვენ აბსოლუტურად თანაბარ პირობებში ვაყენებთ ორივე სქესის წარმომადგენლებს და მომავალშიც ასე გაგრძელდება,"- განაცხადა პროკრედიტ ბანკის დირექტორმა, ქეთევან ხუსკივაძემ.