დღეს, 12 მარტს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში „საბას ლაურეატები მწერალთა სახლში" ფარგლებში მწერალ ნაირა გელაშვილთან შეხვედრა გაიმართება.
ნაირა გელაშვილი 6 რომანის, 2 პროზაული და 2 პოეტური კრებულის ავტორია. რომანი „მე ის ვარ" 2013 წლის ლიტერატურული პრემია „საბას" წლის საუკეთესო რომანის ნომინაციის გამარჯვებული გახდა. ეს მწერლის მეორე „საბაა" . 2010 წელს მისმა რომანმა „პირველი ორი წრე" ამავე ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება.
შეხვედრას მოდერირებას გაუწევს პოეტი და მთარგმნელი, „საბას" ორგზის ლაურეატი, ირანისტი გიორგი ლობჟანიძე.
ციკლიდან „საბას ლაურეატები მწერალთა სახლში" მესამე შეხვედრაა, რომელიც მწერალთა სახლისა და თიბისი ბანკის ერთობლივი პროექტია.
პროექტი 10 თვე გაგრძელდება და მწერალთა სახლში თვეში ერთხელ, მკითხველები შეხვდებიან ლიტერატურული პრემია „საბას" 2013 გამარჯვებულებს. მკითხველს საშუალება ექნება ათივე ნომინაციის გამარჯვებულს შეხვდეს, მოუსმინოს ჟიურის წევრებსაც, და გაიგოს, თუ რატომ გადაეცა ამა თუ იმ ავტორსა თუ წიგნს ეს პრემია.