საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის ხელმძღვანელს იორგ ცირკეს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს იორგ ცირკეს საქართველოში დაგეგმილი სამუშაო ვიზიტის საკითხები, გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის ხელმძღვანელი თბილისს აპრილში ეწვევა.
ფედერალური კრიმინალური სამსახური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ეწევა. შეხვედრაზე იორგ ცირკემ ისაუბრა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში რუსულ-ევრაზიული კრიმინალური სამყაროს დანაშაულებრივ საქმიანობაზე.
ცირკემ საქართველოს შესაბამის სამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მათ შორის, აღნიშნულ სფეროში თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, კრიმინალისტიკური ტექნიკით მათი აღჭურვის, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მეთოდების გამოყენების მიმართულებით.