დღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კორნელი კეკელიძის მუდმივმოქმედ სამეცნიერო სემინარზე ნოდარ მამინაიშვილმა წაიკითხა მოხსენებას თემაზე - "რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიის განვითარების გეგმა".
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ნიმუშებს უდიდესი ეროვნული ღირებულება აქვს. მათზე ზრუნვა რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია მსოფლიოს წამყვანი სარესტავრაციო ცენტრების გამოცდილებაზე დაყრდნობით მართვისა და მენეჯმენტის ისეთი ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება, თანამშრომელთა ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ისეთი გადანაწილება, რომელიც უზრუნველყოფს რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიის წინაშე მდგარი მიზნებისა და ამოცანების თანმიმდევრულ განხორციელებას.
მოხსენება მოიცავს ბოლო 4 თვის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს მიმოხილვას; იმ პრობლემების მიმოხილვას, რომელთა გადაჭრა ლაბორატორიის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია;
რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიის ახლად შემუშავებული დებულების მიმოხილვას (რომელშიც დეტალურად ასახულია ლაბორატორიის სტრუქტურული ქვეგანყოფილებებისა და თანამშრომლების სამუშაო სპეციფიკა, უფლებები და მოვალეობები);
იმ მექანიზმებისა და სამუშაო მიმართულებების მიმოხილვას, რომლებმაც უნდა მოახდინონ დებულებაში ასახული უფლება-მოვალეობების რეალიზება; ლაბორატორიის განვითარების გეგმის მიმოხილვას.