უკრაინის კრიზისთან დაკავშირეით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„უკრაინის კრიზისთან დაკავშირებული განცხადებების თანახმად თავისუფალი სამყაროს ლიდერები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ძალადობა საერთაშორისო სამართალზე მოახდენს ამ ქვეყნის იზოლაციას საერთაშორისო თანამეგობრობისგან, ხოლო ამერიკელი სამხედროები მზად არიან მხარი დაუჭირონ უკრაინას და თავის მოკავშირეებს ევროპაში.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ევროპულმა სახელმწიფოებმა გამოაქვეყნეს სანქციების პირველი პაკეტი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომლის მიზანია ამ ქვეყნის მხრიდან სუვერენული უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო აგრესიის და ინტერვენციის შეწყვეტა.
სანქციები მოიცავს:
• უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე პასუხისმგებელ პირთა წინააღმდეგ პერსონალურ სავიზო და ფინანსურ შეზღუდვებს.
• ევროკავშირის მხრიდან რუსეთთან ვიზის ლიბერალიზაციის და სავაჭრო შეთანხმებების შეჩერებას.
• რუსეთისთვის დიდი რვიანის დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარის თქმას.
ევროკავშირის საბჭოს (წევრი სახელმწიფოების და მთავრობის მეთაურები) გადაწყვეტილებით, რუსეთის სამხედრო აგრესიის გაგრძელება გამოიწვევს რუსეთისთვის უმძიმეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს.
როგორც ცნობილია, ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ გასულ კვირას უარყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ პარლამენტში წარდგენილი რეზოლუცია, რომელშიც გამოთქმული იყო რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების სრული მხარდაჭერა. ქართული ოცნების უპასუხისმგებლო პოზიციის გამო საქართველო იზოლირებული აღმოჩნდა ცივილიზებული სამყაროს ერთიანი ძალისხმევისგან და არ გამოხატა პრინციპული სახელმწიფოებრივი პოზიცია უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და დეოკუპაციის პრობლემის წარმატებულ გადაჭრას.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სრულ მხარდაჭერას უცხადებს თავისუფალი სამყაროს ლიდერ სახელმწიფოებს, მათ მიერ შემუშავებულ სანქციებს და მოკავშირეთა უსაფრთხოების გაძლიერებისკენ მიმართულ ქმედით ნაბიჯებს, რომელთა მიზანია რუსეთის აგრესიული ქმედებების აღკვეთა როგორც უკრაინის, ისე საქართველოს წინააღმდეგ"- ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები