საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე რუსული სამხედრო ვერტმფრენის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში შემოჭრის გამო შეშფოთებულია და მას რუსეთის მორიგ პროვოკაციად აფასებს.
,,ჩვენ შეშფოთებული ვართ იმით, რაც ვითარდება ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ასევე გორისა და კასპის სოფლების თავზე გადაფრენილი ვერტმფრენების გამო. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა და ასევე ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების უხეში დარღვევა. ჩვენ ამას აღვიქვამთ როგორც პროვოკაციას, მაგრამ არ ვაპირებთ წამოვეგოთ მას", _განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დაახლოებით 12.20 საათზე, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განლაგებული მი-8 ტიპის რუსული სამხედრო ვერტმფრენი შემოიჭრა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში და გადაუფრინა გორისა და კასპის რაიონების სოფ. არბოს, მერეთის, დიცის, კოშკას, ქერეს, ფლავის, ფლავისმანის, ქვეშის, მეჯვრისხევის, ზერტის, კირბალის, ბერშუეთის, წითელუბნის, ხურვალეთის, ზადიაანთკარის, საკორინთლოს, ქვემო ჭალას, პანტიანისა და ვეკეს ტერიტორიაზე განლაგებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებსა და პოლიციის შენობებს.
გუშინვე, დაახლოებით 18:22 საათზე, ოკუპირებული აფხაზეთში უკანონოდ განლაგებულმა რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გალის რაიონის სოფ. ნაბაკევის მიმართულებიდან შემოიჭრა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში და გადაუფრინა ზუგდიდის რაიონის სოფ. ხურჩაში განლაგებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებს.