თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
"გუშინ თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ ფაქტიურად დაადასტურა, რომ განვლილი პერიოდის განმავლობაში ბიუჯეტის არ დამტკიცება მხოლოდ და მხოლოდ მათი უარგუმენტაციო პოლიტიკური კაპრიზი იყო. ცალსახაა, რომ მათ შეეძლოთ იანვრის დასაწყისშივე გადაედგათ აქტიური ნაბიჯები და თბილისის ბიუჯეტი დაემტკიცებინათ, თუმცა თბილისის მერია მიესალმება მათ მიერ გადადგმულ, დაგვიანებულ ნაბიჯს.
მიუხედავად მათი განცხადებისა, რომ საკრებულოს ,,ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ შედგენილი ბიუჯეტი თბილისელების ინტერესებზე ორიენტირებული იქნებოდა, თბილისის მერიის მიერ საკრებულოში წარდგენილი ბიუჯეტის მეოთხე ვარიანტისგან განსხვავებით, მათ მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის საბოლოო პროექტში სოციალურ პროგრამებზე 10 მილიონი ლარით ნაკლები თანხაა გათვალისწინებული, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამა 5 მილიონი ლარით ნაკლები თანხით დაფინანსება, ხოლო ახალი ავტობუსების შესაძენა საერთოდ არ არის გათვალისწინებული 2014 წლის ბიუჯეტში.
მიგვაჩნია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში თბილისელებს შეექმნათ მწვავე სოციალური თუ სხვა ტიპის პრობლემები და შესაბამისად არ ვაპირებთ მათი ინტერესების შელახვის ხარჯზე ავყეთ საკრებულოს უმრავლესობას პოლიტიკურ კინკალობაში და მზად ვართ დამტკიცების შემდეგ ვიმუშავოთ აღნიშნული ბიუჯეტის შესაბამისად. ეს პოზიცია განპირობებულია იმით, რომ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობით გამოწვეული პრობლემები გაცილებით მწვავეა ვიდრე ის პრობლემები რასაც შექმნის ,,ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული ბიუჯეტი", - ნათქვამია განცხადებაში.