საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა ბელგიის სამეფოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ბრიუსელში, იაკობაშვილი პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტზე სახელმწიფო მინისტრსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შორის გამართულ შეხვედრას დაესწრო, რომლის მიზანი სახელმწიფო სტარატეგიის და სამოქმედო გეგმის განხილვა იყო. შეხვდრისას გამოიკვეთა ევროკავშირის როლი სამოქმედო გეგმის შესრულებაში. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა მოიწონეს და მხარი დაუჭირეს საქართველოს მთავრობის ხედვას და სტრატეგიაში ასახულ პრიორიტეტებს.
იაკობაშვილმა ვიზიტის ფარგლებში სტრატეგია გააცნო ასევე ნატო-საქართველოს კომისიას და ოფიციალური შეხვედრები გამართა ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილესთან ჰიუგო მინგარელისთან და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.
"ნატოსა და ევროკავშირის ინსტიტუტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოს მთავრობას გამოუცხადეს სრული მხარდაჭერა და მზადყოფნა აქტიურად ჩაერთონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობისაკენ მიმართულ სამოქმედო გეგმის შეშუშავებასა და განხორციელებაში", - ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.