აშშ-ში კარგად იციან, რომ კონსტრუქციული ოპოზიცია საქართველოში არ არსებობს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
"მინდა გითხრათ და გავახარო მთლიანად საქართველოს მოსახლეობა და "გავახარო" ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ არა თუ მათი გვარების ხსენება არ ყოფილა ამერიკაში, არამედ მათზე ჩვენ დრო არ დაგვიკარგავს, ჩვენ დროს ძალიან კარგად გავუფრთხილდით და მომავალზე ვისაუბრეთ. ჩვენ ამ რჩევებს, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ. ეს არის რჩევა, რომელიც მეგობარმა მეგობარს უნდა ურჩიოს. არავითარი გვარების ხსენება არ ყოფილა. ბუნებრივია, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ჯანსაღი და კონსტრუქციული ოპოზიცია საქართველოში არ არსებობს. ის, რაც დაგვხვდა ჩვენ პარლამენტში და ძალიან ეწყინათ, როდესაც ვთქვი, შემთხვევით მოხვდნენ-მეთქი, აღარ მინდა ჩაღრმავება, რა და როგორ მოხდა, დაშინებით და ასე შემდეგ, ძალიან რთული სიტუაცია იყო", - აცხადებს პრემიერი.