საქართველოს პარლამენტი "საქართველოს მთავრობასა და შვედეთის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" კონვენციის რატიფიცირებას მოახდენს. აღნიშნული დოკუმენტი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებს, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჯავახიშვილმა გააცნო. მისი ინფორმაციით, ხელშეკრულებას 2013 წლის 6 ნოემბერს მოეწერა ხელი. ქართული მოდელის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ გადახდილი დივიდენდი, რომლის ბენეფიციურ მფლობელს წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, იბეგრება მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში. მისივე განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დასაბეგრი განაკვეთების შედარებით დაბალი განაკვეთებით დაბეგვრას არეგულირებს რეზიდენტი კომპანიის, ძირითადად, სხვა სახელმწიფოდან მიღებული შემოსავლის ისეთი საქმიანობიდან, როგორიცაა საბანკო, საზღვაო, ფინანსური ან სადაზღვევო საქმიანობა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ დოკუმენტს მხარი დაუჭირეს.
მასალის გამოყენების პირობები