„საქართველოს საგადასახადო კოდექსში" ცვლილება შედის, რაც კანონის იმ მუხლს ეხება, რომელიც საქართველოში საქონლის იმპორტის დღგ-თი დაბეგვრის სპეციალურ წესს განსაზღვრავს, რომელიც საქონლის დაბეგვრის შეღავათიან პირობებს გულისხმობს მხოლოდ იმ პირთათვის, რომელთა წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში, დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით, დეკლარირებული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ს თანხა გადააჭარბებს 200 000 ლარს.
პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება არაკონკურენტულ გარემოს ქმნის იმ პირთა მიმართ, რომლებთაც ამ ოდენობის ბრუნვა არ გააჩნიათ (ასეთად შეიძლება მოაზრებული იქნას საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები) და ადგილობრივ მწარმოებლებთან მიმართებაში (იმპორტიორი ადგილობრივ მეწარმესთან შედარებით უკეთეს პირობებში ექცევა).
კანონპროექტის შესაბამისად, უქმდება საგადასახადო კოდექსის 162-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილები, რის შედეგადაც, საქართველოში საქონლის იმპორტისას, გადასახადის გადამხდელები დღგ-ით დაბეგვრის თანაბარ პირობებში მოექცევიან.