განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს, პროფესიული სწავლების ცენტრ ”იკაროს”-ს ეწვია და სასწავლებლის საქმიანობასა და ინფრასტრუქტურას გაეცნო. მინისტრი უცხოელ სტუდენტებსაც შეხვდა და ცენტრში სწავლის თაობაზე შეფასებები მოისმენა.
როგორც დიმიტრი შაშკინმა აღნიშნა, უცხოელების ქართული სასწავლებლით დაინტერესება იმის მაჩვენებელია, რომ სისტემა, პროფესიული განათლების კუთხით, სწორი მიმართულებით ვითარდება და მიმზიდველი ხდება სხვა ქვეყნებისთვის:
”განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაცია ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, რადგან იგი აამაღლებს საქართველოს პრესტიჟს”- განაცხადა მინისტრმა.
როგორც ცნობილია, ”იკაროსში” სპეციალისტების გადამზადება ტურიზმის მიმართულებით შემდეგ სპეციალობებზე მიმდნარეობს: მზარეული; ბარმენი; ოფიციანტი; სასტუმროს მიღება-განთავსებისა და დაჯავშნის სპეციალისტი; კულინარული ხელოვნების სპეციალისტი; სარესტორნო საქმის სპეციალისტი; სასტუმრო საქმის სპეციალისტი.
პროფესიული სწავლების ცენტრი ”იკაროსი” 2007 წელს გაიხსნა და მის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულ განახლებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 387 000 ლარი დაიხარჯა. ცენტრში სწავლა უფასოა, 2008 წლის მარტიდან დღემდე სასწავლებელი 160-მა პროფესიულმა სტუდენტმა დაამთავრა, 150 სტუდენტი UშAID-ის დაფინანსებით გადამზადდა. ამჟამად ცენტრში 100-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, მათ შორის 16 უცხოელი ფასიანი სწავლების კურსს გადის. 2010 წლის აპრილიდან ორწლიან პროფესიულ კურსებზე სასწავლებელი 105 მსურველს მიიღებს. 150 სტუდენტის სწავლებას UშAID დაფინანსებს. იგეგმება უცხოელი სტუდენტების გადამზადებაც.
მასალის გამოყენების პირობები