საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ქ.ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 25-ე სხდოაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სხდომის მონაწილეებს საქართველოში ადამიანის უფელებების დაცვის მხრივ არსებულ ვითარებაზე, ამ მიმართულებით გატარებულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესზე ესაუბრა.
მინისტრის განცხადებით საქართველოს ხელისუფლება განუხრელად აგრძელებს რეფორმების კურსს, რომელიც თითოეული მოქლაქის უფლებათა დაცვის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.
"ჩვენ მტკიცედ მივყვებით კანონის უზენაესობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული სახელმწიფოს შენების გზას. მთავრობა, რომელიც სრულად აცნობიერებს თავისი მოქალაქეების წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს, მზადაა მიმდინარე რეფორმების მიმართ ღია და სისტემური მიდგომების დანერგვისთვის, რაც საერთაშორისო თანამეგობრობასთან აქტიურ თანამშრომლობასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ითვალისწინებს" - განაცხადა მინისტრმა გაეროს საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას.
მაია ფანჯიკიძემ ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებულ ადამიანის უფლებათა 2014-2020 წლის სტრატეგიაზე, რომლის სამოქმედო გეგმაც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა. მინისტრის განცხადებით აღნიშნულ სტარტეგიასა და სამოქმედო გეგმის შემუშავება ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობდა. მასში ყველა დაინტერესებული მხარე მონაწილეობდა და უწყებათაშორისმა საბჭომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტები და პრინციპები გაითვალისწინა. მინისტრმა ასევე ისაუბრა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ბავშვთა და ქალთა უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში არსებულ ვითარებასა და ამ მიმართულებით მთავრობის გეგმებზე.
საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. ისაუბრა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გაბმისა და მიწაყრილების მოწყობის პროცესზე, რამაც მნიშვნელოვნად გააუარესა ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა მდგომარეობა. მინისტრის განცხადებით: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება საერთაშორისო თანამეგობრბობის აქტიურ ჩართულობასა და რეაგირებას საჭიროებს.
საერთაშორისო თანამეგობრობაში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებულ ვითარებაზე საუბრისას, მინისტრმა აღნიშნა ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველომ მონაწილეობა მიიღოს აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიაში.
აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი გამოსვლა ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მთავრობის მეთაურები და საგარეო საქმეთა მინისტრები.