საქართველოსა და მალტის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, კონსულტაციებზე, რომელიც მალტის რესპუბლიკის დედაქალაქ ლა ვალეტაში გაიმართა, ქვეყნების საგარეო უწყებები დეპარტამენტების დირექტორების დონეზე იყო წარმოდგენილი.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა მალტის რესპუბლიკასთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას, აგრეთვე საუბარი შეეხო ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფის საკითხებს.
განხილულ იქნა ასევე "მალტის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის" პროექტი.
გარდა ამისა, დაზუსტებულ იქნა 20-21 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის მალტის რესპუბლიკაში დაგეგმილი სამუშაო ვიზიტის დეტალები.
ქართულმა და მალტურმა მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რეგულარულად გამართონ ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები და იმუშაონ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიმართულებით.