საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა იაპონიის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ნალბანდოვს შორის. JICA-ს დელეგაციას ხელმძღვანელობდა JICA -ს აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიისა და კავკასიის დეპარტამენტის ცენტრალური აზიისა და კავკასიის განყოფილების დირექტორი, ფუსატო ტანაკა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. მათ შორის იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მხრიდან საქართველოში უკვე განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო პერსპექტივებზე.
ნალბანდოვმა ისაუბრა ქვეყანაში გატარებულ ეკონომიკურ რეფორმებზე და მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე. ხაზი გაესვა იაპონიის მნიშვნელოვან როლს ქართული ეკონომიკის განვითარების საქმეში, რომლის ნათელი მაგალითებია, როგორც "აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შესახებ სასესხო ხელშეკრულების" ხელმოწერა და ასევე, მიმდინარე შეთანხმება "იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის იაპონური საგრანტო დახმარების მიზნით პროექტის, "მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის სუფთა ენერგიის შემოთავაზების თაობაზე".
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, გაზრდის საქართველოს სატრანზიტო როლს რეგიონში და ამგვარად ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის შემდგომ განვითარებასა და აღდგენას.
ბოლოს JICA-ს წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი და მზადყოფნა განახორციელონ ახალი პროექტები საქართველოს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით.