ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი წეროვანში სტიქიის შედეგად დაზარალებულ დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
მინისტრმა ყველა სახლი დაათვალიერა, რომელიც სტიქიის შედეგად დაიტბორა.
როგორც კობა სუბელიანმა დევნილებთან საუბრისას აღნიშნა, სტიქიის შედეგების აღმოფხვრა დაწყებულია და ოპერატიულად დასრულდება.
"ეს არის სტიქიური მოვლენა, რომლის წინაშეც უძლურია არა მარტო ჩვენი ქვეყანა, არამედ მთელი სახელმწიფო. მთავარია, რომ ამ შედეგებს აღმოვფხვრით, არ გვძინავს და გულხელდაკრეფილი არ ვსხედვართ. ყველა ოჯახი შესაბამისი პირობებით იქნება უზრუნველყოფილი. ბევრი სახლი დაიტბორა სოფელ კარალეთშიც. ტექნიკა იქაც მუშაობს და მოდინებული წყლის გასასვლელად არხი კეთდება. მთავარი, რაც შემიძლია მოსახლეობას ვუთხრა ის არის, რომ შედეგებს აღმოვფხვრით და საცხოვრებელ პირობებს გავაუმჯობესებთ", - განაცხადა სუბელიანმა.