დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრები საქართველოს ხელისუფლებას მედიის მიმართ "ბოლშევიკურ" მიდგომაში ადანაშაულებენ.
ამის შესახებ ექსპერტთა კლუბის სახელით სპეციალური განცხადება დღეს, სასტუმრო "ამბასადორში" სოსო ცისკარიშვილმა წაიკითხა.
"ვაცნობიერებთ რა ქვეყნის წინაშე არსებულ სიმწვავეს, უწინარეს ყოვლისა, დაურეგულირებელი ტერიტორიული კონფლიქტების სახით, გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას უპასუხისმგებლო ქმედებათა გამო, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური პროვოკაციების დაგეგმვისა და განხორციელებისკენაა მიმართული. კერძოდ, აღნიშნულ პროცესებში სატელევიზიო სივრცის ჩართვით საზოგადოების დანაშაულებრივი დეზინფორმაციას ცდილობენ.
სამწუხაროდ, კვლავ სახეზეა მასმედიის ფუნქციების მიმართ ბოლშევიკური დამოკიდებულება, რომელთაც დღესაც აიძულებენ რეალობის ასახვის ნაცვლად ხელისუფლებისთვის სასურველი რეალობა შექმნას და მოსახლეობა მუდმივი საინფორმაციო შეტევის ობიექტის მდგომარეობაში ამყოფოს", - ნათქვამია ექსპერტთა კლუბის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
აღნიშნულის კონტექსტში, დამოუკიდებელი ექსპერტები მსგავს მაგალითად 13 მარტს "იმედის" სატელევიზიო და რადიოსადგურით ეთერით გადაცემულ პროგრამას ასახელებენ.
"მოდელირებულ ქრონიკის სახით ხელისუფლებამ ის გააკეთა, რის გაკეთებაც მას 2008 წლის 7 აგვისტოს "დაავიწყდა". კერძოდ, კი საკუთარ მოსახლეობას რუსეთის ჯარის საქართველოზე თავდასხმისა და რუსეთთან ომის დაწყება ამცნო. ამჟამად კი, მას "დაავიწყდა" მოსახლეობა გაეფრთხილებინა, რომ ყოველივე, რასაც ისმენდა და უყურებდა რეალობა არ იყო და ის მხოლოდ მავანთა არაჯანსაღ ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენდა. როგორც მოსალოდნელი იყო, გადაცემის ავტორთა მიერ მაყურებლის განზრახ შეცდომაში შეყვანის წარმატებული მცდელობით, ისევე როგორც შემდგომში იგივე ავტორთა მიერ სიცრუის გამჟღავნებით გამოწვეული შოკი ღირსებაშელახულ მოსახლეობაზე მძიმე შედეგებით აისახა", - აცხადებენ ექსპერტები.
მათივე შეფასებით, პროვოკაციული გადაცემის მსვლელობისას სახელისუფლებო, სამართალდამცავი, საჯარისო, სასაზღვრო, საკომუნიკაციო, სამედიცინო მომსახურებისა და სხვა სისტემები წარმოქმნილი ქაოსი, როგორც პანიკით მოცული მოსახლეობის ისტერიული ქმედება კიდევ ერთხელ დარწმუნა, რომ სახელმწიფო კრიზისული სცენარისთვის კვლავ მოუმზადებელია და შესაბამისი დასკვნები აგვისტოს ომის შედეგებიდან ჯერ კიდევ არ არის გამოტანილი.