დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის შეფასებით, ტელეკომპანია "იმედის" "მოდელირებული ქრონიკა" საზოგადოების მიმართ კონკრეტულ გზავნილებს შეიცავდა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა განაცხადა, ხელისუფლებამ ამ სიუჟეტით კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ საქართველოს მხოლოდ "ჩასარეცხი" პოლიტიკური ოპოზიცია (გამონაკლისის გარეშე) ჰყავს, რომელიც ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისკენაა მიმართული და მზადაა ამ საქმეში სააკაშვილისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსულ აგრესიას შეურთდეს.
ამასთან, ქართულ ჯარში მოღალატეები არსებობენ, რომლებიც მზად არიან ქვეყნის ბედი და თავისუფლება ხელისუფლების დამხობის (ხელისუფლებაში მოვლის) სურვილს ანაცვალონ, რუსეთი "შეუქცევადი" მტერია, ანუ მათთან მოლაპარაკების დიალოგი აბსოლუტური ილუზიაა, თუნდაც პერსპექტივაში, ახლანდელი ხელისუფლება ქვეყნის შიგნით ერთადერთი, უალტერნატიო პატრიოტული ძალაა, რომელსაც საქართველოს გადარჩენა შეუძლია, სანამ რუსეთი არსებობს საქართველო მუდმივი შიშის რეჟიმში უნდა ცხოვრობდეს და ხელისუფლების პოლიტიკის ქვაკუთხედია აშშ-ს რუსეთთან კონფორტაცია საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ.
"აღნიშული გზავნილების მთავარი მიზანი კი, საქართველოს მოსახლეობის დაშინება, პოლიტიკური ოპოზიციის უპირებო დისკრედიტაცია, სამხედრო მოსამსახურეების ღირსების შელახვა და საზოგადოებაში ჯარის უნდობლობის დანერგვა, სააკაშვილის ხელისუფლების უალტერნატიობა, მოლოდინი, რომ საქართველოს მოსახლეობის და ქვეყნის არსებობას საფრთხე ემუქრება, რუსეთის "სიტუაციური მტრის ხატის" მარადიულ მტრის ხატად" და რაც მთავრია, მუდმივი საფრთხის არსებობის ფონზე ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილების და დემოკრატიაზე ზრუნვის უსაფრთხოების გამოცხადება", - განაცხადა ცისკარიშვილმა.