ახალგაზრდა მეცნიერები სტაჟირებას უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში გაივლიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" განათლების სამინისტროდან აცნობეს, ახალგაზრდა მეცნიერებს სტაჟირების გავლა შემდეგი სამეცნიერო სფეროების მიმართულებით შეუძლიათ: საინჟინრო მეცნიერებები, ფიზიკა და ასტრონომია, ქიმია, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, მათემატიკა, მექანიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები, აგრარული, სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა საგრანტო დაფინანსების გზით, მათი კვალიფიკაციის ამაღლება, ახალგაზრდა მეცნიერთათვის საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და გამოცდილების შეძენაში ხელშეწყობა.
უცხოეთში სტაჟირების გრანტები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კონკურსის ადმინისტრირებას სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახორციელებს.
გრანტის ფარგლებში, ახალგაზრდა მეცნიერს აუნაზღაურდება საერთაშორისო მგზავრობის, დაზღვევის, ვიზის, საცხოვრებელი ბინის, შიდა ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯები.
კონკურსში დაფინანსების მოსაპოვებლად საგრანტო განაცხადის წარდგენა ყველა იმ ახალგაზრდა მეცნიერს შეუძლია, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: კარგად ფლობს ინგლისურ ან იმ ქვეყნის სახელმწიფო ენას სადაც ახალგაზრდა მეცნიერი გეგმავს სტაჟირების გავლას; აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, ან არის დამამთავრებელი კურსის დოქტორანტი.
ასაკი არ აღემატება 40 წელს.
კონკურსი ყოველწლიურად ჩატარდება. 2009 წელს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა სამ ახალგაზრდა მეცნიერზე გასცა გრანტი, საერთო ბიუჯეტით 27 000 ლარი, რომლებმაც სამთვიანი სტაჟირება აშშ-ში, გერმანიასა და ესპანეთში გაიარეს.
წელს ბიუჯეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების დასაფინანსებლად 150 000 ლარია გათვალისწინებული.
მასალის გამოყენების პირობები