პარტია "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას მტკიცებით, ჰოლანდიაში საქართველოს ელჩი მაია ფანჯიკიძე მასთან ნათესაური კავშირის გამო გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ალასანიამ გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.
“ჩვენ ბევრი კარგი დიპლომატი გვყავს, თუმცა მაიას გერმანიაში სამსახურის დროს დიდი წვლილი გამოჩნდა, შემდეგ კი ჰოლანდიის სამეფოში. მას როტაციული წესით ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი, ამიტომ მისი გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. გამორიცხული არ არის, რომ ეს ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას უკავშირდებოდეს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი ჩემს ირგვლივ განსხვავებული აზრის გამო რეპრესიის მსხვერპლი გახდა~, - განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, მას ინფორმაცია არ აქვს, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ჰოლანდიაში ერთ-ერთი ქართველი მაღალჩინოსნისა და მისი მეუღლის ამასწინანდელი დაპატიმრების შესახებ, რომელიც მაია ფანჯიკიძის სამსახურიდან დათხოვნის საბაბად გამოიყენეს.
ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს მაია ფანჯიკიძეს 14 მარტს უფლებამოსილების ვადა ერთი წლით ადრე შეუწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.
ფანჯიკიძის ელჩობიდან გადაყენების საბაბად ჰოლანდიაში ერთ-ერთი ქართველი მაღალჩინოსნისა და მისი მეუღლის ამასწინანდელი დაპატიმრება სახელდება, ხოლო არაოფიციალურ მიზეზად კი ირაკლი ალასანიასთან მისი ახლო ნათესაური კავშირი. მაია ფანჯიკიძის ალასანიას ცოლის დაა.
მასალის გამოყენების პირობები