ექსპერტი გია ნოდია არ უარყოფს, რომ იმიტირებული "ქრონიკის" შესახებ მისთვის ცნობილი იქამდე იყო, ვიდრე ფილმი ეთერში გავიდოდა.
როგორც ნოდიამ ტელეკომპანია "მაესტროსთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა, მას "იმედიდან" ფილმის დამზადებამდე რამდენიმე დღით ადრე დაუკავშირდნენ და შესაბამისი იდეის თაობაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სთხოვეს.
"დიახ, ვადასტურებ, რომ საქმის კურსში ვიყავი იმასთან დაკავშირებით, რომ "იმედი" ომის იმიტირებულ "ქრონიკას" ამზადებდა", - განაცხადა ნოდიამ და აქვე განმარტა, რომ მისთვის აღნიშნული ფილმის დამზადების იდეა მისაღები იყო და შესაბამისი პირების მიერ მომზადებულ სცენართან დაკავშირებით არსებითი შენიშვნები არ ჰქონია.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტი არ განმარტავს კონკრეტულად ვინ უკავშირდებოდა ტელეკომპანიიდან და აცხადებს, რომ მას ვინაობა არ დაუსახელებია.
"მითხრეს "იმედიდან" ვარო. სახელი არ უთქვამს. შეიძლება თქვა კიდეც, მაგრამ აღარ მახსოვს", - განმარტავს ნოდია.
შეგახსენებთ, რომ გია ნოდიას ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე მის მოადგილესთან ეკა წამალაშვილთან სატელეფონო საუბარში ახსენებს, რომელიც ინტერნეტის საშუალებით გუშინ გავრცელდა და განმარტავს, რომ ფილმის მომზადების პროცესში ექსპერტები იყვნენ ჩართულნი, მათ შორის გია ნოდიაც.
აღსანიშნავია, რომ თავად არველაძე აღნიშნულ სატელეფონო საუბარს ფაბრიკაციას უწოდებს და ამტკიცებს, რომ ის რუსეთის სპეცსამსახურებმა მისი სხვადასხვა საუბრიდან დაამზადეს.
როგორც ცნობილია, რუსეთ-საქართველოს ომის იმიტირებული "ქრონიკა" "იმედის" ეთერში 13 მარტს გავიდა, რამაც საზოგადოებაში პანიკა გამოიწვია. საინფორმაციო გამოშვების მსვლელობისას, რომელიც ეთერში 20 წუთის განმავლობაში გადიოდა, ეკრანზე მისი ინსცენირების შესახებ მითითებული არ ყოფილა.