"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მოსკოვსა და ბრიუსელში ვიზიტების შედეგები შეაჯამა.
"ხელისუფლებას აღარ აქვს უნარი აწარმოოს წარმატებული საგარეო პოლიტიკა. დღეს საქართველო, ფაქტობრივად, საერთაშორისო იზოლაციაშია მოქცეული. სააკაშვილთან საუბარზე დეკლარირებულად უარს აცხადებს რუსეთი, ხოლო არადეკლარირებულად, ფაქტობრივად მსოფლიო საზოგადოება. ქვეყანა ძალიან შორს არის ყველა იმ მიზნის განხორციელებისგან, რისთვისაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენი ხალხი იბრძოდა. მინდა მთელი ჩემი გამოცდილება, ენერგია, შესაძლებლობები და საერთაშორისო კონტაქტები გამოვიყენო, ყველაფერი გავაკეთო, რათა საქართველო არსებული ურთულესი ვითარებიდან გამოვიყვანოთ, შევქმნათ რეალური პირობები იმისათვის, რომ ჩვენმა ხალხმა აფხაზებთან და ოსებთან ერთად იცხოვროს ერთიან, დემოკრატიულ, დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებულ, რეალურად დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გამგზავრება მოსკოვში, შემდეგ ბრუსელში, უახლოესი პერიოდის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ში და ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში", - განაცხადა ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელმაც მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში პირისპირ შეხვედრა გამართა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეგრიგორი კარასინთან და რუსეთის ფედერაციის სათათბიროს თავმჯდომარე სერგეი მირონოვთან.
"შეხვედრებზე ნათლად დავინახე, რუსეთის ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთულესი ვითარებიდან გამოსვლა მათი ქვეყნის გრძელვადიანი სტრატეგიის ინტერესებშია და პირდაპირ კავშირშია მშვიდობის შენარჩუნებასთან კავკასიის რეგიონში, მათ შორის ჩრდილო კავკასიაში. იმ ფონზე, რომ ამ შეხვედრებამდე რუსეთი ყოველთვის შექმნილ ახალ რეალობას უსვამდა ხაზს, ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო, რუსეთის ხელისუფლების განცხადება, რომ იმ შემთხვევაში, თუ იქნება კეთილი ნება, სურვილი და მზაობა, რომ თანასწორუფლებიან და ურთიერთპატივისცემის ფორმატში შედგეს დიალოგი, არ არსებობს პრობლემები, მათ შორის ყველაზე მტკივნეულიც, რომლებიც განხილვას არ ექვემდებარება, რომელთა გადაწყვეტაც შეუძლებელია. განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი პრეზიდენტისგან განსხვავებით, რომელიც თავს ომში გამარჯვებულად აცხადებს, რუსეთის პრემიერ მინისტრი ამ ომში გამარჯვებაზე არ საუბრობს და რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომს საერთო ტრაგედიად აფასებს და ადასტურებს, რომ რუსეთის ხელისუფლება მზად არის არსებული ვითარებიდან გამოსასვლელად რეალური ნაბიჯები გადაიდგას, რათა გაჩნდეს შესაძლებლობა ურთიერთობების იმ დონემდე აღდგენისა, რომელიც კრიზისამდე გვქონდა. თუმცა საქართველოს მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული გამორიცხულია სააკაშვილის ხელისუფლების და მათ მიერ განხორციელებული ყოველდღიური პროვოკაციების პირობებში", - განმარტა მან.
რაც შეეხება ბრიუსელში ვიზიტს, ბურჯანაძის განმარტებით, ორმხრივი შეხვედრები გამართა ბელგიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე, ევროპარლამენტისა და ევროკომისიის ოფიციალურ პირებთან.
"შეხვედრებზე განიხილებოდა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური ვითარება. აღსანიშნავია, რომ ბელგიურ მხარესთან შეხვედრები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ვინაიდან ბელგია 2010 წლის 1-ლი ივლისიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. ბრიუსელში მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა შეხვედრებზე ჩემი რუსეთში ვიზიტი ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად შეაფასეს, უმნიშვნელოვანესი უწოდეს იმ ფაქტს, რომ მე ვსაუბრობ არა რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტაზე და ომზე, არამედ იმაზე, რომ უნდა მოიძებნოს გამოსავალი იმ კრიზისიდან, რომელშიც ჩვენი ქვეყნები იმყოფება", _ განაცხადა მან.
შეხვედრებზე აღინიშნა, რომ აუცილებელია რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგის დაწყება და რომ არსებობს მზაობა დასავლეთი ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს. ევროპა დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობით, მაგრამ ევროპულ სტრუქტურებთან დაახლოება და თანამშრომლობა ვერ შედგება, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებსა და პირობებს, რომელიც გულისხმობს, როგორც დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას, ასევე ურთიერთობების დარეგულირებას რუსეთთან, საომარი რიტორიკის შეწყვეტას და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევას.
"ღიად ვაცხადებ, რომ დავიწყე დიალოგი მშვიდობისთვის და ვდგამ კონკრეტულ ნაბიჯებს ჩემი ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად. ეს ნაბიჯები ორიენტირებულია კონკრეტულ შედეგებზე და არა ფიარ აქციებზე. სწორედ ფიარისთვის გაკეთებულმა განცხადებებმა მიიყვანა ქვეყანა იქამდე, რომ ტერიტორიის 20 % დავკარგეთ და ქვეყანა რეალურად საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის წინაშე დგას. იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება არანაირი რესურსი აღარ აქვს აწარმოოს დიალოგი რუსეთთან, ჩვენ, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ და მით უფრო პოლიტიკოსებმა, უნდა გამოვიყენოთ ყველა მექანიზმი, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომში იმ ტიპის პროვოკაცია, რომელშიც სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოში ქვეყანა ჩართო და რომლის გამეორების საფრთხეც სწორედ სააკაშვილის არაადეკვატურობისა და უპასუხისმგებლობის გამო არსებობს, რისი მაგალითიც თუნდაც გუშინწინ ვიხილეთ და რამაც შეიძლება მართლაც გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ჩემი და ჩვენი პარტიის ამოცანაა, რომ ჩვენი შვილები, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა აღარასოდეს აღმოჩნდეს სისხლისმღვრელ ომში ჩართული", _ განაცხადა მან.
მისი განცხადებით, "დემოკრატიული მოძრაობა" იწყებს შეხვედრებს ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების ყველა ჯგუფის წარმომადგენლებთან, რათა უკლებლივ ყველას მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია ჩვენი მოტივაციის, გადაწყვეტილებებისა და იმ რეალური განწყობების და შესაძლებლობების შესახებ, რაც არის ჩვენს ჩვეყანასთან მიმართებაში რუსეთშიც და დასავლეთშიც", - განაცხადა ბურჯანაძემ.