ხვალ, 16 მარტს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, მიროსლავ ლაიჩიკი შეხვედრებს 18:00 სთ-ზე დაიწყებს.
პირველი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგება საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, რომლის დასრულების შემდეგ, 19:00 საათზე, გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია.
17 მარტს, მიროსლავ ლაიჩაკი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს მოინახულებს და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას. იგი ასევე დაესწრება თბილისში ქართულ-სლოვაკური ბიზნესფორუმის გახსნას. ამავე დღეს მიროსლავ ლაიჩაკი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან კობა სუბელიანთან ერთად წეროვანის დასახლებას და იქ არსებულ სასწავლო ცენტრს მოინახულებს, ასევე შეხვდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სლოვაკ დამკვირვებლებს.
იმავე დღეს, მიროსლავ ლაიჩაკი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან, სახელმწიფო მინისტრთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძესთან.