ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს საარჩევნო სიების მონიტორინგის პროცესს მეტი სერიოზულობით მოეკიდონ.
"მონიტორინგის პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიების მიერ მოწოდებული მასალები ხშირად არ ეყრდნობა ცესკოს მიერ 2010 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით გაცემულ ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზას", - განცხადება ამის შესახებ ცესკოში დღეს, კვირის ტრადიციულ ბრიფინგზე გაკეთდა
ცესკო ასევე სთხოვს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უფრო აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში.
პოლიტიკური პარტიები ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის პროცესს ერთი თვეა რაც ახორციელებენ. 11 მარტს ცესკომ სიების მონიტორინგის შედეგები შეაჯამა.
ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით, პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი წერილები ცესკოს ვებ-გვერდზეა განლაგებული. დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომია როგორც წერილები, ასევე ცესკოს პასუხები ამ წერილებზე.
მომავალი კვირიდან ცესკო გააგრძელებს რეგიონალურ ვიზიტებს და წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქართველოს ყველა რეგიონს ეწვევიან.