საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სამომხმარებლო კალათა განაახლა. სამომხმარებლო კალათა გამოიყენება სამომხმარებლო ფასების ინდექსის (ქვეყანაში არსებული ინფლაციის დონის) გასაანგარიშებლად, და ასახავს ქვეყნის საშუალო მომხმარებლის დანახარჯების სტრუქტურას. 2014 წლის სამომხმარებლო კალათა გაზრდილია და მოიცავს 295 დასახელების სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებას, ასევე შეცვლილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების წონები. გასული წლის სამომხმარებლო კალათას დაემატა 11 და გამოაკლდა 4 საქონელი.
2014 წლის განახლებული სამომხმარებლო კალათა ეფუძნება ეროვნულ ანგარიშთა სისტემით განსაზღვრულ მოხმარების სტრუქტურას. სამომხმარებლო კალათის ჯგუფების და ინდივიდუალური საქონლის (მომსახურების) წონები ეფუძნება ეროვნულ ანგარიშთა სისტემით განსაზღვრულ მოხმარების სტრუქტურასა და შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევიდან მიღებულ ინფორმაციას. წონების განახლება ხდება ყოველწლიურად, ზემოაღნიშნული წყაროებიდან მიღებული უახლესი მონაცემების გამოყენებით.
ეროვნული ანგარიშებიდან მიღებული წონების გამოყენება სამომხმარებლო კალათის ფორმირების პროცესში წარმოადგენს ერთ-ერთ არსებით რეკომენდაციას, რომელსაც ევროსტატი ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს სთავაზობს.
როგორც „საქსტატში" განმარტავენ, განახლებული სამომხმარებლო კალათა ასახავს მოსახლეობის დანახარჯების უახლეს სტრუქტურას, რაც უფრო საიმედოს ხდის სამომხმარებლო ფასების ინდექსს - ინფლაციის მაჩვენებელს.