საქართველომ და სამოას დამოუკიდებელმა სახელმწიფომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები დაამყარეს.
მხარეებმა შესაბამის კომუნიკეს ხელი 12 მარტს მოაწერეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, ერთობლივი კომუნიკეს თანახმად, ერთმანეთთან ურთიერთობებში მხარეები იხელმძღვანელებენ სახელმწიფოთა შორის თანასწორობის, ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოთა შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით.
საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, სახელმწიფოთა შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ მხარეებმა ერთობლივი წერილით აცნობეს გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს.
სამოა მე-11 სახელმწიფოა, ვისთანაც საქართველომ 2010 წელს დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. მანამდე ანალოგიური დოკუმენტები გაფორმდა ლათინური ამერიკის 4 (დომინიკის რესპუბლიკა, პარაგვაი, პერუ და სენტ-ლუჩია), აფრიკის 3 (ბოტსვანა, კაბო-ვერდე და ლიბერია) და აზია - წყნარი ოკეანეს რეგიონის 3 (ბრუნეი, მალდივის რესპუბლიკა და მარშალის კუნძულები) სახელმწიფოსთან.
დღეისათვის გაეროს 191 წევრი სახელმწიფოდან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული აქვს 133-თან.