საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე წარსადგენ კანდიდატთა შერჩევა მიმდინარეობს.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოდან ყოველწლიურად 2 კანდიდატს წარადგენს ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე.
საბავშვო მწერლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჯილდო (Astrid Lindgren Memorial Award, ALMA) მსოფლიოში ყველაზე დიდი პრემიაა ბავშვთა ლიტერატურის სფეროში. 5 მილიონი შვედური კრონა (დაახლოებით 755 000 აშშ დოლარი ან 550 000 ევრო) ყოველწლიურად ერთ ან რამდენიმე გამარჯვებულს გადაეცემა.
ეროვნული ბიბლიოთეკა ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე წარადგენს კონკურსანტებს შემდეგ ნომინაციებზე:
• საბავშვო მწერალი,
• საბავშვო ილუსტრატორი,
• საბავშვო ზეპირი მთხრობელი და
• ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის კითხვის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კერძო პირები თუ ორგანიზაციები.
საკონკურსო კომისია შეაფასებს კანდიდატებს მთელი მათი შემოქმედების და არა ცალკეული ნაწარმოებების მიხედვით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
საბავშვო მწერლებმა უნდა წარმოადგინონ
• გამოქვეყნებული ნაწარმოებები;
• მათი შემოქმედების შესახებ ბიბლიოგრაფია (თარგმანების ჩათვლით) ან აუდიოვიზუალური პრეზენტაცია;
• ბიოგრაფია ინგლისურ ენაზე;
• საკონტაქტო ინფორმაცია;
საბავშვო ილუსტრატორებმა უნდა წარმოადგინონ
• გამოქვეყნებული ილუსტრაციები;
• მათი შემოქმედების ბიბლიოგრაფია (თარგმანების ჩათვლით);
• მათი შემოქმედების აუდიოვიზუალური პრეზენტაცია;
• ბიოგრაფია ინგლისურ ენაზე;
• საკონტაქტო ინფორმაცია;
საბავშვო ზეპირმა მთხრობლებმა უნდა წარმოადგინონ
• მათი შემოქმედების აუდიოვიზუალური პრეზენტაცია;
• ბიოგრაფია ინგლისურ ენაზე;
• საკონტაქტო ინფორმაცია;
ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის კითხვის პოპულარიზაციის ხელშემწყობმა კერძო პირებმა თუ ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ
• მათი საქმიანობისა და ღონისძიებების ამსახველი აუდიოვიზუალური პრეზენტაცია;
• მათი საქმიანობისა და ღონისძიებების ზოგადი მიმოხილვა (ღონისძიებ(ებ)ის შინაარსი, მიზნები, სამიზნე ჯგუფები, მეთოდი, განხორციელების ეტაპები, დაფინანსების წყაროები, შედეგები და შეფასება);
• პროექტის/ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის შესახებ ცნობები და საკონტაქტო ინფორმაცია;
• სულ მცირე ორი რეკომენდაცია და რეკომენდატორების საკონტაქტო ინფორმაცია.
ყველა წარმოდგენილი მასალა უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.
განაცხადები მიიღება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურის პროგრამების განყოფილებაში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მეილი: mchkonia@nplg.gov.ge
ტელ.: 2 97 16 18
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 31 მარტი.