აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი დალილა ხორავა თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თავად ხორავამ განუცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გია ბარამიამ 12 მარტს მიიღო.
მისივე განმარტებით, ბარამიას შესაბამის განკარგულებაში აღნიშნულის მიზეზად კონტროლის პალატის 2007 წლის ანგარიშია დასახელებული, რომელშიც სხვადასხვა სახის საბიუჯეტო გარღვევებზეა საუბარი.
"კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ჩემი გათავისუფლების ამ მიზეზს არ ვეთანხმები. კონტროლის პალატის 2007 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ბიუჯეტი იყო პოზიტიური", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ხორავამ.
შეგახსენებთ, რომ ხორავა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე 2006 წლიდან მუშაობდა.