საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია მოდელირებული "ქრონიკის" სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასებისთვის საპარლამენტო კომისიის შექმნას მოითხოვს.
ინიციატივას დავითაია ხვალ, ბიუროს სხდომაზე გაახმოვანებს.
"არ არის გამორიცხული "ქრონიკის" 13 მარტის მოდელირებული გამოშვება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების სპეცოპერაცია ყოფილიყო. ამის მიზანი შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომ გაერკვიათ, როგორ შეიძლება საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განხორციელდეს, ასევე, დაძაბულობის პროვოცირება, რაც ფაქტობრივად უკვე მოხდა. კერძოდ, ცხინვალის რეჟიმმა გააკეთა განცხადება, თითქოს ე.წ. საზღვართან ქართული ჯარის გადაადგილება შეინიშნება", - განაცხადა დავითაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
"ქრონიკის" გუშინდელ გამოშვებაში პრეზიდენტის ლიკვიდაციისა და სამხედრო ნაწილების დაუმორჩილებლობის შესახებ ინფორმაციის გასვლით სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია მოხდა. ასევე დაირღვა დიპლომატიური ეტიკეტი, როცა გათამაშდა, თითქოს ელჩებმა განცხადებები გააკეთეს. მთლიანობაში ამ სიუჟეტით დარტყმა მიადგა ქვეყნის უსაფრთხოებას და რაც მთავარია, ეს იყო გუმართლებელი ფსიქოლოგიური ტერორი. ეს ყველაფერი შესაძლოა, მოწინააღმდეგემ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია გუშინელი ფაქტის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების მიზნით, შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელშიც უნდა შევიდნენ როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წევრები", - განმარტა მან.